ირაკლი კობახიძე: თუ ვინმეს უნდა ხელოვნურად შეიყვანოს ცესკო ინსტიტუციური კრიზისის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ

თუ ვინმეს უნდა ხელოვნურად შეიყვანოს ცესკო ინსტიტუციური კრიზისის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში გაწერილი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი აბსურდულია სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც პრაქტიკაშიც დადასტურდა.

„ასეთ დროს როგორ შეიძლება ვიღაცამ უარგუმენტოდ მოგთხოვოს იმ მახინჯი წესის დაბრუნება, რომელიც სამართლებრივადაც არასწორია და პრაქტიკაში გამოვლინდა, რომ პრობლემურია. თუ ვინმეს უნდა ხელოვნურად შეიყვანოს ცესკო ინსტიტუციური კრიზისის მდგომარეობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. აქედან გამომდინარე, გვჭირდება არგუმენტები.

ჩვენ სახელმწიფო ვართ ბოლოს და ბოლოს. რისთვის ვიბრძოდით 80-იან წლებში? რისთვის არსებობდა დისიდენტური მოძრაობები და ა.შ.? საბჭოთა რეჟიმს უპირისპირდებოდნენ ქართველები იმისთვის, რომ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბებულიყავით. და დღესაც ჩვენი ვალია, დავიცვათ ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები და ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ვართ სახელმწიფო – არა რაღაც საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა სხვა განზომილებით, არამედ სახელმწიფო. ეს უნდა ვაჩვენოთ ყოველ ჯერზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები