ჰერმან საბო ზელენსკის განცხადებაზე: ახლა უკრაინა ომშია და მას ბევრი რამ ეპატიება, თუმცა, მგონი, ამ შემთხვევაში ცოტა ზედმეტი იყო

რა თქმა უნდა, ახლა უკრაინა ომშია და მას ბევრი რამ ეპატიება, თუმცა, მე მგონი, ამ შემთხვევაში ცოტა ზედმეტი იყო, – ასე ეხმაურება პარტია „გირჩის“ წევრი, ჰერმან საბო უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებას.

ამასთან, ჰერმან საბო უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ქართველი ოპოზიციონერების რეაქციაზეც საუბრობს.

„კოლეგების სიხარული იმით არის გამოწვეული, რომ ნახეს „ქართული ოცნების“ განცხადებების საპირწონედ გადადგმული ნაბიჯი, როდესაც ბატონმა ზელენსკიმ დემარში მოუწყო ელჩს და კონსულტაციებისთვის გამოუშვა თბილისში. ალბათ ამას უკავშირდება ეს განცხადებები და არა იმას, რომ ჩვენ შორის ურთიერთობები გაფუჭდება“, – განაცხადა საბომ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. მან ასევე დაავალა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა „გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები