ლევან დავითაშვილი EBRD-ის მმართველ დირექტორს, მატეო პატრონეს შეხვდა

ვიცეპრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მმართველ დირექტორს, მატეო პატრონეს შეხვდა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონის ქვეყნებში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ალკის ვრეინიოს დრაკინოსი, რომელიც კავკასიის რეგიონში EBRD – ის რეგიონული დირექტორის ფუნქციას 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან შეასრულებს და კატარინა ბიორლინ ჰანსენი, ბანკის მოქმედი რეგიონული დირექტორი.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოსა და EBRD – ის წარმატებულ ურთიერთობაზე, მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე. აღინიშნა, რომ აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია – მისი პორტფელი საქართველოში დაახლოებით 5 მლრდ ევროა და პროექტებს ახორციელებს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდა, საფინანსო სექტორის განვითარება, ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისება, მდგრადი ინფრასტრუქტურა და მუნიციპალური სერვისები. ამასთან, ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების 82 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი სტრუქტურული რეფორმები და მსხვილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობა, მათ შორის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში. კერძოდ, შუა სატრანსპორტო დერეფნის პოტენციალი, საქართველოს მთავრობის ხედვა შავი ზღვის საპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის პროექტზე და სხვ.

შეხვედრაზე EBRD-ის წარმომადგენლებმა დაადასტურეს მზაობა, მონაწილეობა მიიღონ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები