არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაღიევს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, არჩილ თალაკვაძე აზერბაიჯანი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს, არზუ ნაღიევს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები. განიხილეს თანამშრომლობის მიმდინარეობა ენერგოუსაფრთხოების, სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების, ტურიზმის, გლობალური ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ქართული მხარე ამ ურთიერთობებს ძალიან აფასებს.

„მოხარული ვართ, რომ ჩვენს კარგ მეგობრებს ვმასპინძლობთ თბილისში და მოხარული ვარ, რომ პარლამენტებს შორის ურთიერთობები არის ძალიან მაღალ ნიშნულზე. ჩვენ გვაქვს პრივილეგია, რომ ჩვენი წვლილი, როგორც მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელებმა, შევიტანოთ ამ ურთიერთობებში. აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებობს მტკიცე მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, ჩვენს ხელისუფლებებს შორის არის ძალიან პროდუქტიული თანამშრომლობა ყველა მიმართულებით, რაზეც დღეს გვქონდა საუბარი. მადლობას ვუხდით ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს უკვე მრავალი წლის განმავლობაში. ეს ურთიერთობები გაგრძელდება და თავისი ყველაზე პოზიტიური სახით მოემსახურება ჩვენს მოქალაქეებს”,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები