ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომაზე ლევან ჟორჟოლიანი მოხსენებით წარდგა

გერმანიის ქალაქ პოტსდამში დღეს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელსაც თბილისის საკრებულოს დელეგაცია დაესწრო. საკრებულოს დელეგაციის შემადგენლობაში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია და იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე ლევან ჟორჟოლიანი არიან.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის მონიტორინგის კომიტეტის სხდომა მონიტორინგის კომიტეტის თავმჯდომარემ გუდრუნ მიოლერ-ტორნსტრომმა გახსნა.
განიხილეს პოტსდამის დეკლარაცია: საერთო პასუხისმგებლობა სუფთა, ჯანსაღ და მდგრად გარემოზე. სხდომაზე ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის შესრულების ანგარიშები განიხილეს. სლოვაკეთის რესპუბლიკაში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის განხორციელების მონიტორინგის ანგარიში თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა და მისმა შვეიცარიელმა კოლეგამ მატიას გისინმა წარადგინეს. სლოვაკეთის რესპუბლიკაში მონიტორინგის ვიზიტი 2022 წლის 6-8 დეკემბერს, ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპული ქარტიის განხორციელების შესაფასებლად განხორციელდა. ლევან ჟორჟოლიანმა დიდი მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის მხარეს ნაყოფიერი შეხვედრებისთვის. მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, პოლარიზაცია და ის კრიზისები (უკრაინაში ომი, ენერგო კრიზისი), რომელიც სლოვაკეთშია, ხელს უშლის მოქალაქეებს შესაბამისი სერვისების მიღებაში, ხოლო ადგილობრივ თვითმმართველობებს განვითარებაში.
ლევან ჟორჟოლიანმა ასევე ისაუბრა იმ პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სლოვაკეთის ხელისუფლებამ განახორციელა.

„მონიტორინგის ვიზიტი განხორციელდა სლოვაკეთის ქალაქებისა და თემების ასოციაციის თხოვნით, რომელიც მდგომარეობის გაუარესების გამო წუხდა. ძირითადად, მისიის დროს ასოციაციის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება დადასტურდა. რეკომენდაციის პროექტით, ვთავაზობთ გარკვეულ საპასუხო ღონისძიებებს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დაფინანსების პრობლემები არის ის საკითხები, რომელსაც სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

გარდა ამისა, კომიტეტის წევრებმა განიხილეს ირლანდიაში და ესტონეთში განხორციელებული მონიტორინგის შედეგები. მოისმინეს პირველადი ინფორმაცია ნორვეგიაში, ხორვატიაში, საფრანგეთში განხორციელებული მონიტორინგის მისიების შესახებ. სხდომის ფარგლებში ანდორაში და იტალიაში დაგეგმილ მონიტორინგის მისიებზე, ასევე ალბანეთში ადგილობრივი არჩევნების დაკვირვების შედეგებზე გაამახვილეს ყურადღება. მიმოიხილეს უკრაინის მუნიციპალიტეტებსა და რეგიონებში არსებული ვითარება. კომიტეტის სხდომის ფარგლებში, „ადამიანის უფლებების შესახებ ადგილობრივ და რეგიონული ხელისუფლების სახელმძღვანელოს“ მე-4 გამოცემის რეზოლუციის პროექტზე იმსჯელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები