საქართველოს პარლამენტი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიას მასპინძლობს

საქართველოს პარლამენტი ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის (APF) 48-ე სესიას მასპინძლობს. საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს, კომიტეტების, ახალგაზრდა პარლამენტართა და ქალ პარლამენტართა ქსელების შეხვედრები დღეიდან დაიწყო. ხოლო 7 ივლისს, 48-ე პლენარული სესია ოფიციალურად გაიხსნება. კომიტეტების სხდომებზე იმსჯელებენ წევრ ქვეყნებში არსებულ მდგომარეობაზე.

საქართველოს პარლამენტის წევრები კი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ გარემოს მიმოიხილავენ. როგორც დღეს, ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, სესიის ფარგლებში საქართველოს, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის ასოცირებული წევრის სტატუსი მიენიჭება.

„ფრანკოფონია მოიცავს ფრანგულენოვანი ქვეყნების გაერთიანებას. საქართველოს, 20 წელია ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეაში დამკვირვებლის სტატუსი აქვს და ამ სესიაზე ჩვენი ქვეყნის ასოცირებულ წევრად არჩევა მოხდება, რაც, თავისთავად ცხადია, დიდი წინგადადგმული ნაბიჯია ფრანგულენოვანი ქვეყნების გაერთიანებაში. ეს თავის თავში გულისხმობს, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას ამ ქვეყნების ფორმატში, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოგეხსენებათ, ფრანკოფონიის გაერთიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი არის საფრანგეთი და ევროპის ფრანგულენოვანი ქვეყნები, რომლებიც საქართველოს ძალიან ძლიერი მხარდამჭერები არიან”, – განაცხადა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, დავით სონღულაშვილმა.

ასამბლეის მონაწილე საპარლამენტო დელეგაციების წარმომადგენლებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესისადმი მხარდაჭერა გამოხატეს და ასოცირებულ წევრად ქვეყნის არჩევასთან დაკავშირებით მზაობა გამოხატეს. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ფრანსის დრუენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სესია საქართველოში იმართება და მითუმეტეს, საქართველოს ასოცირებულ წევრად მიღება, იმის გათვალისწინებით, თუ რა ხდება დღეს მსოფლიოში.

„ჩვენი აქტიური თანამშრომლობისთვის დღეს ყველა საფუძველი ჩაყრილია. მოხარული ვარ, რომ საქართველო გვმასპინძლობს, ვინაიდან საპარლამენტო დიპლომატია არსებით მნიშვნელობას ატარებს,” – განაცხადა მედიასთან ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ფრანსის დრუენმა.

ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, აქტიურად მუშაობს დემოკრატიის განვითარების და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით და არის აქტიური პლატფორმა წევრ სახელმწიფოებს შორის ინფორმაციის გაცვლისა და დიალოგისთვის. ასამბლეა წარმოადგენს ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის საკონსულტაციო, საპარლამენტო ორგანოს. დღეისათვის მის შემადგენლობაში 91 წევრია. 56 სრულუფლებიანი, 17 ასოცირებული, ხოლო 18 დამკვირვებლის სტატუსით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები