“კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძალიან დადებით როლს შეასრულებს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაში” – ირაკლი კობახიძე
„კანდიდატის სტატუსის მინიჭება ყველა შემთხვევაში ძალიან დადებით როლს შეასრულებს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაში“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსის კავშირს დეპოლარიზაციასთან, რა თქმა უნდა, სტატუსის მინიჭება დასრულებით პოლარიზაციას ვერ დაასრულებს, მაგრამ ვფიქრობ, ფუნდამენტურ ცვლილებას შეიტანს საერთო პოლიტიკურ გარემოში. ხედავთ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთავარი თემა, რაზეც რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციის კამპანიას აგებს, არის სწორედ კანდიდატის სტატუსი. სამწუხაროდ, ამ მნიშვნელოვან თემასაც კი იყენებენ ბოროტად, იმისთვის, რომ გააღვივონ პოლარიზაცია და ეს არის მთავარი ინსტრუმენტი მათ ხელში, რომლითაც აღვივებენ პოლარიზაციას.
რა თქმა უნდა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ჩვენი ქვეყნისთვის, ავტომატურად შეცვლის ამ მდგომარეობას. რა თქმა უნდა, ბოლომდე ვერ დაასრულებს პოლარიზაციას, მაგრამ არსებით ცვლილებას შეიტანს იმ მდგომარეობაში, რაც დაკავშირებულია პოლარიზაციასთან და ამ კუთხითაც უნდა გვქონდეს ჩვენ იმედი, რომ საბოლოო ჯამში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება უხეშ რიტორიკას, ეს ძალიან რთული საკითხია. ცალმხრივად ამ პრობლემას ვერ მოაგვარებ, როდესაც მეორე მხრიდან, ოპოზიციაზე ვისაუბრებ, რა თქმა უნდა, ხან პრორუსულს გვეძახიან, ხან რუსულს, ხან პუტინისტებს და ა.შ. ამ ყველაფერს პასუხი რომ არ გასცე, შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, რთული საკითხია ამ პრობლემის მოგვარება. ზოგადად ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ სუბიექტურადაც დაინტერესებულია ნებისმიერი ხელისუფლება ნებისმიერ ქვეყანაში, რომ არ ჰქონდეს პოლარიზაცია და მშვიდად მართოს ქვეყანა. ეს არის არა მარტო ობიექტური ინტერესი, ეს არის ხელისუფლების სუბიექტური ინტერესი.
სიმშვიდე არის სუბიექტურად ხელისუფლების ინტერესებში. აქედან გამომდინარე ნათელია, ვის აწყობს პოლარიზაცია, ანუ, რეალურად რადიკალიზმი. რასაც ეძახიან პოლარიზაციას, სინამდვილეში არის რადიკალიზმი. პოლარიზაცია არის ტერმინის, რომელიც პასუხისმგებლობას უბრალოდ ანაწილებს ოპოზიციასა და ხელისუფლებაში, მაგრამ არის რადიკალიზმი. გამოდის ოპოზიცია გეძახის რუსს, პუტინისტს და ა.შ. შენ იძულებული ხარ უნდა უპასუხო და ასე გრძელდება. სამწუხაროდ, ეს პროცესი არის ჩაკეტილი წრე. როგორ უნდა გავარღვიოთ ეს ჩაკეტილი წრე არ ვიცი, მაგრამ კანდიდატის სტატუსის მინიჭება ყველა შემთხვევაში ძალიან დადებით როლს შეასრულებს პოლარიზაციის ხარისხის შემცირებაში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.