ევროკავშირის წევრ ქვეყნებში შარშანდელ გადაწყვეტილებებზე შეცვლილია პოზიცია და ბევრი სინანულით საუბრობს იმაზე, რომ შარშან ივნისში არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, პოზიცია შეცვლილია ამ დეკემბერთან დაკავშირებითაც, რაც ზრდის შანსებს, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„50/50-ზე შანსებს რაც შეეხება, ეს დასკვნა ეფუძნება მარტივ ლოგიკას. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ნებისმიერი პოლიტიკური გადაწყვეტილება არის 50/50-ზე. ეს რომ იყოს ტექნიკური, ფაქტებზე დამყარებული გადაწყვეტილება, იქ რა თქმა უნდა, შეგვიძლია დეტალებში შევიდეთ, მაგრამ როცა საუბარია პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე – ან მოგანიჭებენ, ან არა. ეს არის 50/50ზე. დადებითი გადაწყვეტილების რისკთან არის დაკავშირებული, თუმცა, კიდევ ერთხელ იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ ამ შემთხვევაში მოგვენიჭება კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება სკეპტიკოსებს, არის ქვეყნები, არ მინდა დავაზუსტო უხერხულობები, რომ არ შევქმნა. ყველა ქვეყანასთან აქტიურად ვმუშაობთ, თქვენ დაასახელეთ გერმანია და საფრანგეთი, რომელთაც სიტყვა ეთქმით ევროკავშირში, ეს არის გამორჩეულად დიდი ქვეყნები, შესაბამისი პოლიტიკური წონით. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გერმანელ და ფრანგ პარტნიორებთან მუშაობას. ამისათვის შედგა იგივე პრემიერის ვიზიტი კანცლერ შოლცთან. პრინციპში ყველა დონეზე, საპარლამენტო და აღმასრულებელი ხელისუფლების ვიზიტების დროს ერთი ის, რომ შარშანდელ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით არის შეცვლილი პოზიცია და ბევრი სინანულით საუბრობს იმაზე, რომ შარშან ივნისში არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, არის შეცვლილი პოზიცია ამ დეკემბერთან დაკავშირებითაც, რაც ზრდის შანსებს, რომ ჩვენ მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ეს არის დღევანდელი მდგომარეობა. დაველოდოთ დეკემბერს. დეკემბრამდე კიდევ ბევრი რამ გაკეთდება სტატუსის მოსანიჭებლად, მათ შორის მაქსიმალურად იქნება ჩართული პოლიტიკური, საპარლამენტო დიპლომატია ამ შედეგის მისაღებად. ვნახოთ, იმედია, რომ დეკემბერში დადებითი გადაწყვეტილება იქნება“, – აღნიშნა კობახიძემ.