ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მეორე მოსმენით – მუხლობრივად განიხილა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ კომიტეტის წევრებსა და სხდომაზე მოწვეულ სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს კანონპროექტების პირველი მოსმენით განხილვის შედეგად გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების საფუძველზე, სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმების შედეგები გააცნო.

პროექტი ზოგადად სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას მაკონტროლებლის უფლებამოსილებების ახლებურად განსაზღვრას ითვალისწინებს. მომხსენებლის განცხადებით, ამ საკანონმდებლო ცვლილებით ადმინისტრირების უფრო მოქნილი მექანიზმები შემუშავდა, ასევე დაიხვეწა სამართლებრივი ურთიერთობები. პარლამენტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, პარლამენტის წევრებმა და სამინისტროს წარმომადგენლებმა სამედიცინო და ფარმაცევტულ სფეროს წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გამართეს და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ, მათ შორის, დაზუსტებები შეეხება სასამართლოს როლის განსაზღვრას ინსპექტირების ინიცირების პროცესში.

„შემოთავაზებული რედაქციით, მარეგულირებელი სწრაფი რეაგირებისთვის დაიწყებს შემოწმების პროცესს, მაგრამ ამავდროულად აგზავნის შეტყობინებას სასამართლოში იმისთვის, რომ სასამართლომ დაადასტუროს შემოწმების მიზანშეწონილობა. საფუძველი შემოწმების ინიცირებისთვის იქნება პაციენტის საჩივარი, მედიასაშუალების მიერ გავრცელებული პრობლემური შემთხვევა, ადმინისტრაციული ორგანოების მომართვა, ასევე მშობიარის, ახალშობილის გარდაცვალება, ბავშვის გარდაცვალების შემთხვევა. ამასთანავე, დაზუსტდა პროცედურა რეგულირების სააგენტოს მიერ ლიცენზიის შეჩერების შემთხვევაში და ასევე სასამართლოში 48 საათის პერიოდში მოსმენაზე ორივე მხარის მოწვევის შესაძლებლობა. ანუ ზეპირი მოსმენის ნაცვლად დაზუსტდა, რომ სასამართლომ ორივე მხარე უნდა მოიწვიოს ამ შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების თაობაზე პროცესის დროს, რათა კლინიკას ჰქონდეს მონაწილეობის შესაძლებლობა. ეს არის მთავარი პრინციპი”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სადავო იყო ასევე საკითხი დაუყოვნებელი აღსრულების თაობაზე, რომელიც გაიყო ორ ნაწილად: დაუყოვნებელი აღსრულება ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას, რადგან თამარ გაბუნიას თქმით, ასეთ დროს ძალიან მკაფიოა და ადვილია დარღვევის იდენტიფიცირება და სადაო ნაკლებად შეიძლება რაიმე დარჩეს. რაც შეეხება პროგრამულ ნაწილს და პროგრამების დროს თანხების არამართლზომიერი განკარგვის გამო დაწესებულ სანქციებს, ამ შემთხვევაში შემოთავაზებულია სადავო თანხის გაყინვის მექანიზმი და შემდეგ უკვე დავა მარეგულირებლის, ან სასამართლოს დონეზე და ასევე იმ სანქცირების გამოყენება, რაც ამ ნაწილში მთავრობის დადგენილებებით არის განსაზღვრული. ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით სხდომის მონაწილეებისათვის განმარტებები, ასევე გააკეთა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ სამედიცინო და ფარმაცევტული სფეროს წარმომადგენლებს კანონპროექტების განხილვაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი ჩართულობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. “ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ჩართულობა პროცესში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენს კომიტეტში, რომელშიც 13 წევრია, მათ შორის 7 ექიმი ვართ, ორი ყოფილი მინისტრია, ამიტომ ჩვენთვის ზრუნვა საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, როგორც პაციენტზე, ისე ექიმებსა და ფარმაცევტებზე უმნიშვნელოვანესია. მუდამ ვიყავით, ვართ და ვიქნებით როგორც პაციენტის, ასევე ჩვენი სამედიცინო პერსონალის უფლებების დამცავი. სწორედ ამიტომ, თითქმის ამ ერთი თვის განმავლობაში არაერთი შეხვედრა გვქონდა როგორც სამინისტროს, ასევე სექტორების წარმომადგენლებთან, რეგიონებშიც კი ვხვდებოდით მათ წარმომადგენლებს, რათა კანონპროექტის ყველასთვის მეტ-ნაკლებად მისაღები ვარიანტი შეგვემუშავა”, – განაცხადა ზაზა ლომინაძემ. მისივე თქმით, აღსანიშნავია ამ პროცესში პარლამენტის სხვა კომიტეტების, მათ შორის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ჩართულობაც, რომლებმაც თავიანთი მნიშვნელოვანი შენიშვნები წარმოადგინეს. კომიტეტმა, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ” კანონში ცვლილებების პროექტს, თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები