პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გაერთიანებული თემატური მოკვლევის პრეზენტაცია გამართეს

პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გაერთიანებული თემატური მოკვლევის პრეზენტაცია გამართეს თემაზე – „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით”.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტებმა ერთობლივად განახორციელეს მოკვლევა, რომელიც არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელებისთვის და პოლიტიკის განსაზღვრისთვის.

„თემატური მოკვლევა მნიშვნელოვან საკითხს ეხება. ამა თუ იმ მიმართულებით არის პროფესიონალი კადრების სიმცირე და საჭირო იყო ამ საკითხის შესწავლა, თუ რატომ არის ეს პრობლემა და რა შეიძლება გაკეთდეს, რომ ამ პროფესიებში უფრო მეტი ადამიანის მოზიდვა წახალისდეს. სამწუხაროდ, გვაქვს სიტუაცია, როდესაც გადანაწილება პროფესიებს შორის არ არის თანაბარი, რაც საბოლო ჯამში, ქმნის პრობლემას. სხვადასხვა მიმართულებებით არის ვაკანსიები ანუ არის მოთხოვნა სხვადასხვა პროფესიებზე, ხოლო მიწოდება არ არის. ეს არა მარტო ეკონომიკური გამოწვევაა, არამედ სტრუქტურულიც სხვადასხვა სექტორისთვის და არის საზოგადოებრივი გამოწვევაც. ამიტომ, მივესალმები ასეთ მოკვლევას, რომელიც პარლამენტში განხორციელდა”, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

თემატური მოკვლევის ინიციატორის, პარლამენტის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილს განცხადებით, თემატურ მოკვლევაზე მუშაობა, პარლამენტის თავმჯდომარის ხელშეწყობით, რამდენიმე თვის წინ დაიწყო.

„შეიქმნა შესაბამისი ჯგუფი, მათ შორის, ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგებით დაკომპლექტებული. გაიმართა რამდენიმე ზეპირი მოსმენა და გამოიკვეთა საკმაოდ საინტერესო მიგნებები. ძალიან დიდი პრობლემაა დეფიციტური პროფესიები. არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროფესია, სადაც უზარმაზარი წყვეტაა თაობებს შორის და ეს ძალიან მძიმედ აისახება სამსახურების გამართულ საქმიანობაზე. გამომდინარე აქედან, კომიტეტის თავმჯდომარეებთან კონსულტაციების შემდეგ, დავიწყეთ თემატური მოკვლევა”, – აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის განცხადებით, თემატური მოკვლევის ფარგლებში უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციები შემუშავდა, რომელთა განხორციელებაშიც აღმასრულებელი ხელისუფლების როლი განსაკუთრებულია.

„მინდა აქცენტი გავაკეთო აღმასრულებელ ხელისუფლებაზე და მათ როლზე თემატური მოკვლევების შემდგომი განხორციელების პროცესში, ვინაიდან ნეიტრალური, ობიექტური თვალით დანახული აღნიშნული საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ უკვე სათანადოდ აღსრულდეს და რეკომენდაციების შესაბამისად შესრულდეს”, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით არის დიდი სპექტრი მიმართულებებისა, სადაც ახალი ცოდნა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გაზიარება აუცილებელია.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს ასოცირების შეთანხმების შესრულების იმ მნიშვნელოვან პროცესში, რომელიც ახლა მიმდინარეობს. არ გავა თვე, რომ ჩვენ ახალი რეგულაცია არ დავამტკიცოთ და ახალ სტანდარტთან მიახლოვება არ მოვახდინოთ ჩვენი კანონმდებლობით. შესაბამისად, თემატური მოკვლევის შედეგები, ვფიქრობ, იქნება კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი, რომ ჩვენ ზუსტად ვიცოდეთ საით მივმართოთ ჩვენი ენერგია”, – აღნიშნა მაია ბითაძემ.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, პროცესის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ხდება მთლიანი საზოგადოების და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი წარმომადგენლების ყურადღების გამახვილება კონკრეტულ ფაქტებზე. „ექვს თვეში დაგეგმილი გვაქვს მონიტორინგის განხორციელება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ შესრულდა ეს რეკომენდაციები. სწორედ, ასეთი თემატური მოკვლევები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩვენ კონკრეტული მიმართულებით კიდევ მეტი წინსვლა გვქონდეს”, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.

გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა თემატური მოკვლევის ინიცირებისთვის პარლამენტის წევრს, გიორგი ცაგარეიშვილს. თემატური მოკვლევის ფარგლებში პასუხისმგებელი უწყებებისთვის გაიცა 16 რეკომენდაცია. რეკომენდაციები დაიყო 3 მიმართულებით: სწავლის ხარისხის გაუმჯობესება და ახალი პროგრამების ინიცირება, დეფიციტური პროფესიების შესახებ ინფორმირებულობის გაზრდა და აგრარულ და გარემოსდაცვით სფეროში დასაქმების ხელშეწყობა. თემატური მოკვლევის ანგარიში მომზადდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები