ნათია თურნავა: ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გარანტირებულია ქვეყნის ყველაზე მთავარი საკანონმდებლო აქტით – საქართველოს კონსტიტუციით

“ეროვნული ბანკი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან”,- ამის შესახებ სებ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გარანტირებულია ქვეყნის ყველაზე მთავარი საკანონმდებლო აქტით – საქართველოს კონსტიტუციით.

“დიდი პასუხისმგებლობაა, დაიკავო პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, იყო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ორგანიზაციაში, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. საქართველოს ეროვნულ ბანკში გამორჩეული პროფესიონალები მუშაობენ, ქვეყანამ პანდემიის და რუსეთ-უკრაინის ომის პირობებშიც შეინარჩუნა ფინანსური სტაბილურობა და საერთაშორისო რეიტინგები. ბუნებრივია, რომ გაგრძელდება ყველა ის რეფორმა/პროექტი, რომელზეც ეროვნული ბანკი მუშაობდა, მათ შორის, ციფრული ტექნოლოგიების და უახლესი ინოვაციების განვითარების მხარდაჭერა. ასევე, ჩვენი მანდატის ფარგლებში, განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკური განვითარებისათვის.

ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძლიერი, ეფექტიანი და მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რისთვისაც ყველაფერს გავაკეთებთ. ეროვნული ბანკი ასევე გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკებთან. შენარჩუნდება ყველა ის რეგულაცია და შეზღუდვა, რომელიც აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა დაუწესეს რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან. ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა გარანტირებულია ქვეყნის ყველაზე მთავარი საკანონმდებლო აქტით საქართველოს კონსტიტუციით და “საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ” ორგანული კანონით. ბუნებრივია, გარკვეულ საკითხებში, იქნება კოორდინაცია მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან”, – განაცხადა თურნავამ.

​ცნობისთვის, დღეს, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ, სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები