ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში განიხილა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა, რომელიც დეპუტატებს აღნიშნული უწყების თავმჯდომარემ კახა ბექაურმა წარუდგინა.

მისი თქმით, 2022 წელს კომისიამ სატელეკომუნიკაციო სფეროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტები განახორციელა და საჭირო გადაწყვეტილებები მიიღო. განხორციელდა მედიაწიგნიერების პროექტები, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. გასულ წელს კომისიამ ტელეკომ სექტორის კომპლექსური კვლევა დაიწყო.

კახა ბექაურის განცხადებით, კომისიის მიზანია ბოლომდე გაიხსნას ტელეკომ ბაზარი და ახალმა კომპანიებმა ბარიერების გარეშე შეძლონ საქმიანობა, საბოლოოდ კი მომხმარებლებს უფრო საინტერესო და მრავალფეროვან სერვისებზე ჰქონდეთ წვდომა, რისთვისაც ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების ოფისთან ერთად აქტიურად მუშაობს.

მომხსენებლის თქმით, მომხმარებლებისთვის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ნომრების პორტირების გამარტივების მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ ახალი წესები დაამტკიცა, რომლითაც მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, მობილური ნომრის პორტირების განაცხადი დისტანციურად გააკეთოს.

მისივე ინფორმაციით, 2022 წელს მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობამ 5 მლნ 840 ათასი შეადგინა. გასული წლის განმავლობაში ერთი აბონენტისგან მიღებული შემოსავალი, საშუალოდ, 11, 8 ლარი იყო.

როგორც კახა ბექაურმა აღნიშნა, მობილურ ინტერნეტს 4,1 მლნ აბონენტი მოიხმარს, რაც წინა წელთან შედარებით, 350 000-ით მეტია. ამასთან, 2022 წელს მთლიანი მობილური ინტერნეტის მოხმარების 94% 4G ტექნოლოგიაზე მოდიოდა. მისი ინფორმაციით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებლების რაოდენობამ 1 მლნ 80 ათასი შეადგინა და იგი უკვე საქართველოს 2510 სოფელშია ხელმისაწვდომი.

მომხსენებლის განცხადებით, 2022 წელს სატელეკომუნიკაციო დარგიდან სახელმწიფო ბიუჯეტში 434 299 755 ლარი შევიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები