კახა ბექაურმა პარლამენტში მედიააკადემიის საქმიანობა შეაჯამა

პარლამენტში გამართულ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე, კახა ბექაურმა კომუნიკაციების კომისიის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას, მედიააკადემიის საქმიანობა მიმოიხილა.

მისი განცხადებით, აკადემია ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, უკვე მეხუთე წელია, წარმატებით საქმიანობს და მნიშვნელოვან პროექტებს ახორციელებს.

კახა ბექაურის თქმით, მედიააკადემიის პროექტებიდან ერთ-ერთი – “მედიალაბია”, რომელიც ციფრული მედიის მიმართულების სტარტაპერებისთვის შექმნილ სივრცეს წარმოადგენს და მათ სტარტაპის დახვეწისა და განვითარების შესაძლებლობას აძლევს.

“გასულ წელს მედიალაბის საერთო სამუშაო სივრცეში 25 ღონისძიება ჩატარდა, სივრცით 600-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა, ხოლო 10-ზე მეტმა სტარტაპმა, აქსელერაციისა და ინკუბაციის პროგრამა გაიარა. ასევე, ორჯერ ჩატარდა სტარტაპიდეების კონკურსი „იდეადრომი”, რომლის მიზანი პოტენციური სტარტაპერებისა და სტარტაპიდეების აღმოჩენაა” – განაცხადა თავმჯდომარემ.

მედიააკადემიის პროექტების განხილვისას, კახა ბექაურმა მედიასკოლის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიასკოლა დამწყები და მოქმედი მედია მენეჯერების, ასევე, პროდიუსერებისა და ჟურნალისტების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სემინარებსა და მასტერკლასებს ატარებს.

მისივე თქმით, გასულ წელს, მედიასკოლამ ჟურნალისტებისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 10-მდე სწავლება ჩაატარა, რომლებსაც 100-ზე მეტი მონაწილე ესწრებოდა. თავმჯდომარემ ისაუბრა იმაზეც, რომ მედიასკოლამ ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის მასტერკლასის პროექტი გააგრძელა, რომელსაც 4 ახალი ავტორის: მედიამენეჯერისა და პროდიუსერის, გიორგი ხაბურზანიას, ჟურნალისტ მაკა ანთიძის, BBC-ის ხარისხის მართვის მენეჯერის, ნათია აბრამიას და თეატრმცოდნე და ტელეწამყვანის, ნიკა წულუკიძის 29 ვიდეო ლექცია დაემატა.

“ონლაინ მასტერკლასი ყველა დაინტერესებულ პირს სრულიად უფასოდ აძლევს შესაძლებლობას წარმატებული და პროფესიონალი ავტორებისგან ისწავლონ ის, რაც ზოგადად მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება” – განაცხადა კახა ბექაურმა და ხაზი გაუსვა, რომ მასტერკლასის ონლაინ სერიებს, ჯამურად მილიონ ხუთასი ათასზე მეტი ნახვა აქვს.

კომიტეტზე კახა ბექაურმა მედიაკრიტიკის ონლაინ პლატფორმაზეც გაამახვილა ყურადღება: “პლატფორმა საზოგადოებასა და მედიას შორის ერთგვარი გზამკვლევის ფუნქციას ითავსებს. “მედიაკრიტიკის” მიზანი კი, ინფორმაციის კრიტიკული აღქმის და საბოლოო ჯამში, გააზრებული და ინფორმირებული არჩევანის ხელშეწყობაა” – აღნიშნა მან და განმარტა, რომ პლატფორმა ექსპერტებისა და პროფესიონალი ჟურნალისტების მიერ შექმნილ სარედაქციო კოდექსს ეფუძნება.

მისივე თქმით, გასულ წელს, მედიაკრიტიკაზე 45 რეპლიკა, 52 რეცენზია და 50 ბლოგი გამოქვეყვნდა, ხოლო, ვებ-გვერდს 350.000-მდე ვიზიტორი ჰყავდა. თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა იმასაც, რომ მედიაკრიტიკის ფეისბუქ გვერდზე განთავსებულ მასალებს, დაარსების დღიდან 4 მილიონზე მეტი მომხმარებელი გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები