„მნიშვნელოვანია, ავტომობილების გაახალგაზრდავება და მწვანე ავტოპარკის მიღება მოვახერხოთ“ – ირაკლი იზორია დაგეგმილ რეგულაციებს აფასებს
„მნიშვნელოვანია, ავტომობილების გაახალგაზრდავება და მწვანე ავტოპარკის მიღება მოვახერხოთ“, – ამის შესახებ ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
იზორია სატრანსპორტო სფეროში დაგეგმილ იმ რეგულაციებს გამოეხმაურა, რომლებიც 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასა და კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვას ეხება.
მისი თქმით, დაანონსებული ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია, რადგან ავტოპარკის გაახალგაზრდავებას შეუწყობს ხელს.
„მოგეხსენებათ, რომ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე ავტომობილების შემოყვანა აიკრძალება, ანუ სახელმწიფო ევრო 5-ის სტანდარტზე გადადის, როგორც ეს ჩვენს მეზობელ ქვეყნებშია მიღებული. რა თქმა უნდა, ეს წინგადადგმული ნაბიჯია, ვინაიდან ვიცით, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების კუთხით დიდი პრობლემები არსებობს. აქვე მინდა, ვთქვა ის, რომ ჩვენ 2011 წლიდან მოყოლებული გარკვეული პროექტები გვქონდა, დაბალი ემისიური, ეკოლოგიური ტრანსპორტის მიმართულებით ბევრი კვლევა გავაკეთეთ, რამაც აჩვენა ის, რომ აუცილებელია, ქვეყანაში მწვანე ავტოპარკის წახალისება მოხდეს. მნიშვნელოვანია, წინ კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას. ახალი ცვლილებები ავტოპარკის გაახალგაზრდავებას შეუწყობს ხელს. თუმცა, მნიშვნელოვანია, მთავრობამ წახალისების კუთხით კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გადადგას. მაგალითად, ბევრ ევროპულ ქვეყანაში როცა ადამიანს ახალი ავტომობილი შემოჰყავს, შეიძლება, სახელმწიფომ რაღაც სუბსიდირება გაუკეთოს, იგივე დაზღვევის, ან განბაჟების თანხის უფრო ნაკლები ოდენობით გადახდა მოხდეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ ინიციატივას წამახალისებელი ღონისძიებები მოჰყვეს.
რაც შეეხება მეორე ინიციატივას, რაც კატალიზატორების ექსპორტის აკრძალვასთანაა დაკავშირებული, ესეც მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ ბევრი ავტომობილი კატალიზატორის გარეშე შემოდის, ან თუ კატალიზატორით შემოდის, შემდეგ გარკვეული თანხის სანაცვლოდ ეს კატალიზატორები სხვადასხვა ქვეყანაში იყიდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამის კონტროლი, აღსრულება, რეგულირება აკრძალვის შემდეგაც იყოს, რათა კატალიზატორების ჩაბარება ე.წ. შავ ბაზარზე არ მოხდეს. ვიცით, რომ 2024 წლიდან კატალიზატორების აუცილებლობის შესახებ მნიშვნელოვანი და პირდაპირი მითითებებია, ამიტომ, მნიშვნელოვანია, არცერთი ავტომობილიდან არ იქნეს ამოღებული, რაც მძიმე მეტალების გამონაბოლქვის სახით გამოყოფას შეუშლის ხელს. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ჰაერის დაბინძურების 71 % , (თბილისში 91 %) ავტოტრანსპორტის სექტორიდანაა. გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, თბილისის ცენტრალურ ქუჩებში, უბნებში, პიკის საათების დროს ჰაერში დამაბინძურებლების რაოდენობა დასაშვებ ნორმაზე 2-3- ჯერ მეტია. მნიშვნელოვანია, ავტომობილების გაახალგაზრდავება და მწვანე ავტოპარკის მიღება მოვახერხოთ, თუმცა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა, ვთქვა ის, რომ დამატებითი ღონისძიებებია აუცილებელი, რათა მოქალაქეებს ახალი ავტომობილების ყიდვისთვის სტიმული გაუჩნდეთ“, – განაცხადა იზორიამ.
შეგახსენებთ, მთავრობის გადაწყვეტილებით, 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან შეიზღუდება.
„ჰაერის დაბინძურების საკითხი ყველას გვაწუხებს. ჩვენს ქალაქში, დედაქალაქში და ასევე მსხვილ ქალაქებში ძალიან დიდი პრობლემაა.
ჩვენ ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან უნდა შევიდეს. ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის 1-ელი იანვრიდან“, – განაცხადა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
ამასთან, მთავრობა გამოსცემს დადგენილებას, რომლის თანახმადაც კატალიზატორების ექსპორტი აიკრძალება.
„ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, ერთგვარ ბიზნესადაა გადაქცეული ე.წ. კატალიზატორების საკითხი. ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება, ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და აიკრძალება კატალიზატორების ქვეყნიდან გატანა. სამწუხარო რეალობაა, რომ ავტომობილებს აცლიან ამ დეტალს, კატალიზატორს და უცხოეთში ყიდიან. ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი. ვფიქრობ, შედეგი ძალიან მალე გვექნება, ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდება მას შემდეგ, რაც ამ სტანდარტს შემოვიღებთ“, – განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის, ნოე მეგრელიშვილის განცხადებით, ჰაერის დაბინძურების კუთხით, გამოწვევები ორ დამაბინძურებელთან მიმართებით არსებობს, ესენია მყარი ნაწილაკები და აზოტის დიოქსიდი. როგორც მეგრელიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ორი დამაბინძურებლის ზღვრული ნორმების გადაჭარბება პერიოდულად ფიქსირდება.
„ცალსახად, ავტოტრანსპორტი დაბინძურების მთავარი წყაროა. 2022 წელს ამ მაჩვენებლის მომატებას პირდაპირ ვუკავშირებთ იმას, რომ ავტომობილების იმპორტი 2021 და 2022 წელში მნიშვნელოვნად გაიზარდა. მანამდე თუ ყოველწლიურად დაახლოებით 65 000 ავტომობილის იმპორტი ხდებოდა, 2021 წელს 95 000-მდე ავიდა და 2022 წელს 107 000 -ს ასცდა. ავტომობილების იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამან ჰაერის ხარისხის გაუარესებაზე პირდაპირი ზეგავლენა იქონია. ძირითადად ეს არის უმსხვილეს ქალაქებში, დედაქალაქში, ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში. ასევე გადაჭარბება მთავარ მაგისტრალებზე გვიფიქსირდება. აზოტის დიოქსიდის უმთავრესი წყარო ავტოტრანსპორტია. ყველაზე მაღალი კონცენტრაცია თბილისში გვიფიქსირდება, რაც ლოგიკურია, აქ ყველაზე ინტენსიური მოძრაობაა, ყველაზე დიდი საცობები თბილისშია”, – განაცხადა მეგრელიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში.