თვეში საშუალოდ 3050 ლარი – რას ითხოვენ და რამდენია რეალურად მაღაროელთა ხელფასი
ჭიათურელი მაღაროელები მე-16 დღეა პროტესტს განაგრძობენ, თუმცა 14 მოთხოვნიდან ამჟამად მხოლოდ ერთს აყენებენ.
ჭიათურელი მაღაროელების ანაზღაურებასთან დაკავშირებით „კურიერი“ „ჯორჯიან მანგანეზსა“ და მაღაროელებს ესაუბრა.
მაღაროელი გიორგი კუპატაძე, რომელმაც პროტესტის ნიშნად თვალები ამოიკერა, აცხადებს, რომ მისი ანაზღაურება მიზერულია. გარკვეული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიუხედავად, აქციის მონაწილეები, ხელფასების მომატებამდე გაფიცვის შეწყვეტას არ აპირებენ, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ კომპანია გარკვეული პერიოდულობით ხელფასს ზრდიდა, რაც მათთვის საკმარისი არ არის.
„ჩვენი მოთხოვნა რაც იყო, ნაწილობრივ შესრულდა. ხელფასის მატებაზე ცივ უარზე არიან. აქვთ ყველაფერი მანდ, არის ჩეკები, ამოიწერეთ და ნახეთ, გამოაქვეყნეთ ყველამ ნახოს, თუ რამდენი გვაქვს ხელფასი – 1457 ლარია და იგონებენ, თითქოს მეტი მაქვს“, – განაცხადა გიორგი კუპატაძემ.
კუპატაძის თანხმობით „კურიერმა“ „ჯორჯიან მანგანეზიდან“ სახელფასო ანაზღაურება ოფიციალურად გამოითხოვა. როგორც ამონაწერით ირკვევა, გასულ წელს მისი ყოველთვიური ანაზღაურება საშუალოდ 3500 ლარამდე მერყეობს. თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ არსებულ ვითარებაში ხელფასების 20 პროცენტით გაზრდა არარეალისტურია და გაფიცულებს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ.
ამასთან, „კურიერს“„ჯორჯიან მანგანეზში“ განუცხადეს, რომ საწარმოო პროცესის შეჩერების მიუხედავად დასაქმებულებს შეუნარჩუნეს ხელფასის 60% და სადაზღვევო პაკეტი, სამუშაო პროცესის განახლების შემთხვევაში კი ანაზღაურება 100%-ით აღუდგებათ.
„თანამშრომლებს, რომლებმაც პროტესტი გამოხატეს სამუშაო დროის ცვლილებასთან და შრომის ორგანიზების ცვლილებასთან მიმართებაში, ესენი არიან ვახტური რეჟიმით მომუშავეები, მათი რაოდენობა შეადგენს 708 კაცს და მათზე 2022 წლის მონაცემებით, დარიცხული ხელფასი შეადგენს 25 მლნ 900 000 ლარს, რაც გაანგარიშების მიხედვით, ერთ ადამიანზე საშუალო მაჩვენებელი 3050 ლარია“, – განაცხადა ლაშა თუთბერიძემ.