საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალია დაამარცხა
საქართველოში ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო, რომლის პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ვიცე-ჩემპიონი პორტუგალია ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
დღევანდელი მატჩის ანგარიში 37-ე წუთზე გიორგი გაგუამ გახსნა, პირველი ტაიმის მიწურულს კი საბა საზონოვმა სხვაობა ორამდე გაზარდა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებს ირაკლი აზაროვი, ზურიკო დავითაშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი შეუერთდნენ, რომლებმაც გუშინ გლაზგოში, შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშეს.
შეხვედრის 75-ე წუთზე პორტუგალიის ნაკრების მოთამაშემ ტომას არაუიომ გოჩოლეიშვილზე ფოლის გამო წითელი ბარათი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ 24 ივნისს გამართავს.