ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი იწყებს თემატურ მოკვლევას საკითხზე – „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე მისაწვდომობა და არსებული გამოწვევები”
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საკითხზე – „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე მისაწვდომობა და არსებული გამოწვევები” თემატური მოკვლევის დაწყების შესახებ დღევანდელ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება.
პარლამენტის ინფორმაციით, თემატური მოკვლევის მიზნით შეიქმნება თემატური მოკვლევის ჯგუფი, რომლის მუშაობას, კომიტეტის წევრი ანა წითლიძე უხელმძღვანელებს.
„ფსიქიკური მენტალობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი და მთავარი გამოწვევაა დღეს ქვეყანაში. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ბოლო კვლევებით ყოველი მესამე ახალგაზრდა ამბობს, რომ ჰქონია ფსიქიკურ მენტალობასთან დაკავშირებული პრობლემები. ამიტომ საინტერესო იქნება, რომ ეს საკითხი შევისწავლოთ თემატური მოკვლევის ფარგლებში, რეალურად დავინახოთ თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რა კეთდება ამ მიმართულებით და რა შეგვიძლია კიდევ დამატებით გავაკეთოთ”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა ლომინაძის განცხადებით, კომიტეტის წევრები მზად არიან აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხის შესწავლასა და განხილვაში.
აღნიშნული საკითხის გამო, ცვლილება შევიდა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმაში და გეგმას დაემატა საკითხი „ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე მისაწვდომობა და არსებული გამოწვევები” შესწავლის მიზნით თემატური მოკვლევის დაწყების და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის შესახებ.
კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმას ასევე დაემატა მეორე საკითხიც – „ონკოლოგიური პაციენტების ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის” საკითხზე თემატური მოკვლევის დაწყების და თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის თაობაზე.
კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე საბოლოო – მესამე მოსმენით განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ” თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კაპიტალის ბაზრის განვითარებისა და საპენსიო რეფორმის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გურგენიძემ გამოიტანა. კომიტეტის წევრებს შენიშვნები არ ჰქონდათ და კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.