საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში მოისმინა
„2022 წელს ჩაატარა 47 აუდიტი, მათ შორის 14 ფინანსური, 23 შესაბამისობის აუდიტი, 3 უწყებათშორისი შესაბამისობის და 7 ეფექტიანობის აუდიტი”, – ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც აუდიტის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა.
მისი თქმით, 2022 წელს 24 მლნ ლარი შეადგინა იმ თანხის ოდენობამ, რაზეც გამოვლენილია გარკვეული ხარვეზები და ნაკლოვანებები.
მომხსენებელი განცხადებით, 2022 წელს მაღალი რისკის შემცველობიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის, პროკურატურას 17 ანგარიში გადაეგზავნა. გადაგზავნილი ანგარიშების საფუძველზე გამოძიება დაიწყო 17 საქმეზე, ასევე ორი ანგარიში თემატურად დაერთო მიმდინარე დაწყებულ სისხლის სამართლის საქმეებს.
როგორც ცოტნე ყავლაშვილის აღნიშნა, 2018-2022 წლებში სამსახურმა გასცა 3800-ზე მეტი რეკომენდაცია, საიდანაც 29% გაცემულია 2022 წელს ჩატარებული აუდიტების მიხედვით. რეკომენდაციების 72% სრულად ან ნაწილობრივ არის შესრულებული, ხოლო 19% მიმდინარეა.
მისი თქმით, აუდიტის სამსახურმა წარმატებით დანერგა რეკომენდაციის შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა. სისტემაში, ამ ეტაპზე, ჩართულია 10 სამინისტრო და მათი დაქვემდებარების ქვეშ მყოფი 70-მდე საბიუჯეტო ორგანიზაცია, აჭარის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკები და 39 მუნიციპალიტეტი.
„სისტემის საშუალებით მონიტორინგი უკვე ხორციელდება 2021-2023 წლებში გაცემულ 800-ზე მეტ გაცემულ რეკომენდაციაზე. აღნიშნული პროცესი გრძელდება და 2023 წლიდან გაცემული ყველა რეკომენდაცია მონიტორინგი განხორციელდება აღნიშნული სისტემის მეშვეობით”, – აღნიშნა ცოტნე ყავლაშვილმა.
მომხსენებელმა საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 2018 წლიდან აუდიტის სამსახური მსოფლიო ბანკისა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტების აუდიტორია რეგიონში.
გენერალური აუდიტორის თქმით, გარდა აუდიტორული საქმიანობისა, სამსახური ზრუნავს შიდა მმართველობის სისტემის გაუმჯობესებაზე და ამ პროცესში იყენებს საერთაშორისო პრაქტიკას.