რამდენი რეკომენდაცია აქვს შესრულებული საქართველოს – რა წერია ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში

ევროკავშირში წევრობისთვის საქართველომ 12 სავალდებულო რეკომენდაციიდან, ამ დროისთვის, მხოლოდ სამი შეასრულა. აღნიშნული ჩაიწერა ევროკომისიის ზეპირ მოხსენებაში, რომელიც მიმდინარე კვირას გასაჯაროვდება.

ამის შესახებ “რადიო თავისუფლების” ქართული რედაქციისთვის გახდა ცნობილი.

კერძოდ კი, შესრულებული 3 რეკომენდაციაა – დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა; გენდერული თანასწორობა; ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება.

8 რეკომენდაცია, რომლის შესრულებაშიც საქართველოს „ნაწილობრივი პროგრესი“ აქვს არის -დეოლიგარქიზაცია; პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა; ინსტიტუციების დამოუკიდებლობა; ინკლუზიური და ეფექტური სასამართლო რეფორმა; კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა; ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ადამიანის უფლებების დაცვა; სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობის უზრუნველყოფა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

რეკომენდაცია, რომელზეც „არანაირი პროგრესი“ არ არის – მედიის პლურალიზმია. რადიო თავისუფლება წერს, რომ ზეპირი მოხსენების სამუშაო ვერსიაში ნათქვამია, რომ საჭიროა ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა, ჟურნალისტებისა და მედიასაშუალებების მფლობელების უფლებების დაცვის დონის ამაღლება და მაუწყებლობის შესახებ კანონის ცვლილება.

რაც შეეხება დანარჩენ ორ კანდიდატს – უკრაინას და მოლდოვას, უკრაინამ 7 რეკომენდაციიდან​ 2 სრულად შეასრულა, ეს არის სასამართლო რეფორმა და მედიის კანონის მიღება. ქვეყანას 4 რეკომენდაციაზე “გარკვეული” პროგრესი აქვს; ხოლო ერთზე “კარგი” პროგრესი აქვს.

მოლდოვამ 9 რეკომენდაციიდან 3 სრულად შეასრულა; 2-ზე “კარგი” პროგრესი აქვს; 4-ზე – “ნაწილობრივი” პროგრესი.

ახალ შეფასებას 21 ივნისს ჯერ ბრიუსელში მყოფ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გააცნობენ, შემდეგ კი მას სტოკჰოლმში, ევროკავშირის საბჭოს არაფორმალურ შეკრებაზე ევროკავშირის ქვეყნების ევროპის საქმეთა მინისტრები განიხილავენ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობაში შედეგებთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები არსებობს.

როგორც დღეს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ევროინტეგრაციის მიმართულებით ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ობიექტურად იქნება შეფასებული.

“რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ჩვენ მიერ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს ობიექტური შეფასება ექნება – დაველოდოთ ზეპირ მოსმენას. იმედი გვაქვს, გაჟღერდება ობიექტური შეფასებები თითოეული იმ ნაბიჯის შესახებ, რომელიც გადაიდგა ჩვენი ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით, მათ შორის 12 პუნქტის შესრულების ნაწილში“, – აღნიშნა კობახიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ ქვეყანას 12 რეკომენდაციიდან “11 მიმართულებით ხელშესახები რეზულტატები აქვს და სწორი არ იქნება, შემფასებელთათვის ეს შეუმჩნეველი დარჩეს.

“შესაბამისად, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ რეალურად მიღებული გადაწყვეტილებაში, გათვალისწინებული იქნება ის წინსვლა, რომელიც 11-ვე მიმართულებით საქართველოს აქვს. დარჩენილი 1 მიმართულება, რომელიც უკავშირდება დეპოლარიზაციას, სამწუხაროდ არც თუ დიდ რეზულტატები გვაქვს იმიტომ, რომ აქ წარმატების მიღწევა მხოლოდ ხელისუფლებაზე დამოკიდებული ნამდვილად არ არის”, – განაცხადა სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები