როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ელექტროინფრასტრუქტურის სიახლოვეს აღმოჩნდება და როგორია უსაფრთხოების ნორმები – „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლების განმარტება

როგორია ელექტროგამანაწილებელ ქსელთან დაკავშირებული უსაფრთხოების ნორმები, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ ელექტროინფრასტრუქტურის სიახლოვეს აღმოჩნდება,  რატომ არის სიცოცხლისთვის სახიფათო ელექტროგადამცემი ხაზების მიმდებარედ თევზაობა – ამ საკითხებთან დაკავშირებით ენერგოკომპანია „ენერგო-პრო ჯორჯიას“ წარმომადგენლებმა, დაბალი და საშუალო ძაბვის განყოფილების უფროსმა, ბაქარ ფხალაძემ და “ენერგო-პრო ჯორჯია ჰოლდინგის” საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა, ავთო დვალიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ენერგოკომპანიის წარმომადგენლებმა მოქალაქეებს რეკომენდაციებით მიმართეს და ელექტროგამანაწილებელ ქსელთან უსაფრთხოების ნორმების დაცვისკენ მოუწოდეს.

“ყველა ელექტროდანადგარს (იქნება ეს ელექტროგადამცემი ხაზები, სატრანსფორმატორო პუნქტი, თუ სხვა ნებისმიერი დენგამტარი ნაწილი) თავისი გავლენის ზონები, მიახლოების მანძილები აქვს. სხვადასხვა ძაბვის საფეხურზე სხვადასხვა მიახლოების მანძილები არსებობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ამის გარკვევას მოსახლეობა ვერ დაიწყებს, ვერ შეძლებს, დააკლასიფიციროს, რომელს რა მიახლოების მანძილები აქვს. დენგამტარ ნაწილთან შეხება ყოველთვის აკრძალულია, თუმცა, არსებობს დენგამტარი ნაწილები, სხვადასხვა სიდიდის ძაბვები, რომელთან მიახლოებაც გარკვეული მანძილის იქით შეზღუდულია და არ შეიძლება. ნებისმიერ ელექტროდანადგართან შეხება, დასაშვებ მანძილზე ახლოს მიახლოება ელექტრონული რკალისგან გამოწვეულ ფიზიკურ ტრავმას, ან ფატალურ შედეგს იწვევს. ამიტომ, დიდი თხოვნაა, მოსახლეობამ ეს მაქსიმალურად გაითვალისწინოს. გადამცემი ხაზის ქვეშ თევზაობა დაუშვებელია, ანკესი, რომელიც სხვადასხვა მასალისგანაა შესრულებული, შესაძლოა, ძალიან მარტივად დენგამტარი იყოს, ანკესის ელექტროდანადგართან, ხაზთან შეხებამ, ან დასაშვებ მანძილზე ახლოს მიახლოებამ  შესაძლოა, ამ ანკესის დენგამტარ ნაწილად ქცევა გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში, ვისაც ეს ანკესი ხელში უჭირავს, ელექტრონული ძაბვის ქვეშ აღმოჩნდება, რამაც შესაძლოა, გარდაცვალება გამოიწვიოს. ბოლო პერიოდში მსგავსი შემთხვევები შემცირებულია, გარდაცვალების ფაქტები თითქმის განულებულია. ეს, ალბათ, ინფორმირებულობის ხარჯზეა. ზაფხული სეზონია, მოსახლეობა გააქტიურდა, თევზაობენ. გადაკვეთის ადგილებში, იქ, სადაც თევზაობა აკრძალულია, ბანერების მონტაჟი აქტიურად დავიწყეთ. ხშირად ისეც ხდება, რომ ამ ბანერებს ანადგურებენ, აზიანებენ. თუ ადამიანს ბანერი არ დახვდება, როგორც კი ნახავს, რომ იქვე გადამცემი ხაზია, რა თქმა უნდა, იმ ადგილას არ უნდა ითევზაოს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შეიძლება, გაწყვეტილი სადენი იყოს, თუნდაც სტიქიის გამო. გაწყვეტილი სადენის აღმოჩენის შემთხვევაში, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, მას 10 მეტრის რადიუსში არ მივუახლოვდეთ. კარგი იქნება, თუ ცხელ ხაზზე შეტყობინება შემოვა. ავარიული ბრიგადა ამ დაზიანებას აღმოფხვრის”, – განაცხადა ბაქარ ფხალაძემ.

ავთო დვალიშვილის თქმით, „ენერგო-პრო ჯორჯია” უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს.

“ჩვენ დიდი ხანია, კამპანია გვაქვს დაწყებული, რათა ჩვენს აბონენტებამდე, მოქალაქეებამდე უსაფრთხოების ნორმების, იმ დეტალების შესახებ, რომელმაც შეიძლება, სახიფათო სიტუაცია გამოიწვიოს, ინფორმაცია მივიტანოთ. 5 პატარა ინფორმაციული ანიმაცია დავამზადეთ, სადაც ეს საკითხები კარგადაა ასახული. ერთი ანიმაცია თევზაობას შეეხება, რადგან ზაფხულის სეზონია, თევზაობაზე გვაქვს აქცენტი. ეს თემა განსაკუთრებით რეგიონებშია გასათვალისწინებელი. არ არის აუცილებელი პროფესიონალი მეთევზე იყოს, შეიძლება, სხვა მაცხოვრებელს მოუნდეს თევზაობა და მან ეს ინფორმაცია უნდა იცოდეს. როცა თევზაობაზე ვსაუბრობთ, ცურვაც გასათვალისწინებელია. ტბებში, მდინარეებში, იქ სადაც მაღალი , ან საშუალო ძაბვაა, თუნდაც დაბალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზია, შესაძლოა, ცურვა სიცოცხლისთვის საშიში იყოს.

მეორე ანიმაცია სამშენებლო წარმოებას შეეხება: ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონასა და განაკაფებში ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის წერილობითი თანხმობის გარეშე ნებისმიერი სახის სამშენებლო, სამონტაჟო, სარეკონსტრუქციო და ასაფეთქებელ სამუშაოთა წარმოება აკრძალულია.

კიდევ ერთ ანიმაციაში საუბარია იმაზე, რომ მრიცხველის კარადის გაღება და დენგამტარ ნაწილებთან შეხება სიცოცხლისთვის სახიფათოა. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხშირად მრიცხველის კარადებს თვითნებურად აღებენ, ზოგჯერ ტეხენ. ეს ძალიან სახიფათო თემაა.
გვაქვს ანიმაცია ბავშვებისთვისაც, სადაც ნათქვამია, რომ მრიცხველის კარადის გაღება და დენგამტარ ნაწილებთან შეხება სიცოცხლისთვის სახიფათოა
კიდევ ერთ ანიმაციაში ნათქვამია, რომ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის ქვეშ აკრძალულია არაგაბარიტული სატრანსპორტო საშუალებებისა და ტვირთების გატარება. მოტეხილი საყრდენი ან გაწყვეტილი სადენი სიცოცხლისთვის სახიფათოა.

ასევე 1300-ზე მეტი პოსტერი დავბეჭდეთ. ჩვენი სურვილია ეს პოსტერები საჯარო და კერძო სკოლებში გამოიკრას. ეს პროცესი დაწყებულია. ამაში რესურსცენტრები გვეხმარებიან. რამდენიმე რესურსცენტრმა უკვე დაგვიდასტურა, რომ ეს პლაკატები სკოლებში უკვე გაშვებული და გაკრულია”, – განაცხადა დვალიშვილმა.

 

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები