ბრუნო მარსის კონცერტის ბილეთების შეძენას 40 000-ზე მეტი ადამიანი ელოდება
ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრები ბილეთების შეძენას ამ წუთებში ვებგვერდ Tkt.ge-ზე 40 ათასზე მეტი ადამიანი ელოდება. აღსანიშნავია, რომ ბილეთების გაყიდვის პროცესი დღეს, 10:00-ზე დაიწყო. ბილეთის შეძენის მსურველების რიცხვი ყოველწამიერად იმატებს.
შეგახსენებთ, რომ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 125-დან 1450 ლარამდე მერყეობს. ბილეთების გაყიდვა ვებგვერდ TKT.ge-სა და BSA.ge-ზე, ასევე Supper App-ის აპლიკაციაში მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ 1 მომხმარებელს მაქსიმუმ 4 ბილეთის შეძენა შეეძლება. რაც შეეხება ფასდაკლებებს: 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ მომხმარებლები, რომლებიც Star Ring-ის ბილეთებს TBC-ის სტუდენტური ან მოსწავლეთა ბარათით შეიძენენ – აღნიშნული ფასდაკლება ვრცელდება ლიმიტირებული რაოდენობის ბილეთზე. 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებს მომხმარებელი, რომელიც ნებისმიერ ბილეთს TBC VISA ბარათით შეიძენს. 30%-იანი ფასდაკლება შეეხებათ TBC Concept WM (VIP; Skybox; Orbit) – ის მომხმარებლებს.
ქართველ მსმენელს ბრუნო მარსის მოსმენის საშუალება პირველად 1-ელ ოქტომბერს „Starring Georgia-ს“ ფარგლებში, „დინამო არენაზე“ ექნება. „Starring Georgia“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიცირებული კამპანიაა, რომელიც „Black Sea Arena-ს“ გუნდთან ერთად ხორციელდება. ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „The Killers“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.