“რუსეთში ღვინის მიწოდების მხრივ, საქართველომ იტალიას გაუსწრო და პირველ ადგილზე გავიდა” – Коммерсантъ

რუსეთში მიწოდების მხრივ, საქართველო შეუმჩნევლად პირველ ადგილზე გავიდა, – ნათქვამია რუსული “კომერსანტის” მასალაში.

სტატიის ავტორების თქმით, ქართული ღვინოები პირდაპირი იმპორტის მეშვეობით, რუსულ ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას აგრძელებენ. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მიწოდება 63%-ით გაიზარდა და 24,15 მლნ ლიტრს მიაღწია, რის შედეგადაც, საქართველო ღვინოების ექსპორტიორი ლიდერი ქვეყანა გახდა და გაუსწრო ისეთ მიმწოდებლებსაც, როგორიც არის იტალია.

მასალაში ნათქვამია, რომ ამ ფაქტმა შესაძლოა, კიდევ უფრო გაართულოს ბიზნესი ადგილობრივი მეღვინეებისთვის, რომლებიც ძირითადად ქართულ ღვინოებს უწევენ კონკურენციას.

აღნიშნულ პერიოდში საქართველოდან რუსეთში 24,15 მლნ ლიტრი ღვინო შევიდა, იტალიიდან 23,36 მლნ ლიტრი, შესაბამისად  წლიურად იმპორტი 63%-ით გაიზარდა, ხოლო იტალიიდან – 31%-ით.

ღვინის სავაჭრო კომპანია Fort-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრე ლიპილინი ამბობს, რომ საქართველოდან იმპორტმა ზრდა 2022 წლის ბოლოს დაიწყო და უკავშირდება გადახდისა და ლოგისტიკური პრობლემების არარსებობას.

AST-ს აღმასრულებელი დირექტორი, ლეონიდ რაფაილოვი ამბობს, რომ სავაჭრო ქსელები გადავიდნენ მწარმოებლებთან პირდაპირ კონტრაქტებზე და შეუძლიათ, “შემოგთავაზონ მინიმალური ფასები”.

Luding Group-ის აღმასრულებელი დირექტორი, ერნესტ ხაჩატურიანი აღნიშნავს, რომ საქართველოდან და სომხეთიდან ღვინოები ღირებულების დაბალი ცვალებადობით გამოირჩევა.

WineRetail-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტავცევი დასძენს, რომ ქართული ღვინოები იმპორტის ნულოვან გადასახადს ექვემდებარებიან. მისი თქმით, იტალიიდან მიწოდება შეიძლება, შეიზღუდოს გადახდებთან დაკავშირებული სირთულეების, გაცვლითი კურსის გაზრდის და გარკვეული პოზიციების გაძვირების გამო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები