“ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ტაძრები სავალალო მდგომარეობაშია” – “მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“
“ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ტაძრები სავალალო მდგომარეობაშია და დაუყოვნებლივ სპეციალისტების ჩარევას საჭიროებს“, – ამის შესახებ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ წარმომადგენელმა, ანა დუმბაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, მოძრაობის აქტივისტებმა ოკუპირებულ რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტაძრების ამსახველი ფოტოებისა და ვიდეოების გადაღება მოახერხეს.
როგორც დუმბაძემ აღნიშნა, რამდენიმე ძეგლზე სრულიად გაურკვეველი მიზნით ამჟამადაც ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ძეგლის ავთენტური იერსახის დამახინჯებას იწვევს.
ბაგრატ III – ის საძვალე
“აფხაზეთის ომიდან 30 წლის შემდეგ „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ აქტივისტები დავინტერესდით, თუ რა მდგომარეობაშია აფხაზეთში ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.
ასევე, მათი ფოტოფიქსაცია-შესწავლით დავინტერესდით. შედეგად კი ცხადი გახდა, რომ აფხაზეთში მდებარე უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და ტაძრები სავალალო მდგომარეობაშია და დაუყოვნებლივ სპეციალისტების ჩარევას საჭიროებს, რათა მათი დაუყოვნებლივი გადარჩენა და კონსერვაცია მოხდეს. რამდენიმე ძეგლზე სრულიად გაურკვეველი მიზნით ამჟამადაც ე.წ. სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ძეგლის ავთენტური იერსახის დამახინჯებას იწვევს. ამასთან ერთად, კლიმატური პირობები, ბუნებრივი პროცესები და პრობლემისადმი უყურადღებობა ამ ისედაც რთულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს“, – განაცხადა დუმბაძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე ძეგლთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ქართული კვალის წაშლა მიზანმიმართულად მიმდინარეობს.
“აფხაზეთში დღემდე 86-მდე ქართული, ქრისტიანული ტაძარი და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი არსებობს, რომლებიც არა მარტო აფხაზების, ქართველების ან რუსების, არამედ მსოფლიო მნიშვნელობის საგანძურია. ამიტომაც, აუცილებლად მივიჩნევთ, რომ სამივე მხრიდან დარგის სპეციალისტებს შორის კომუნიკაცია დაუყოვნებლივ დაიწყოს. ეს არ უნდა იყოს სახელმწიფოებრივ დონზე, არამედ ცალსახად ჰუმანიტარული მისიით. ასევე, აუცილებელია საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობა, მათი მხრიდან მეტი ყურადღება და აქტიურობა, რადგან დღევანდელი მოცემულობით მათი ჩართულობა საკმარის დონეზე არ ხორციელდება.
როგორც „მოძრაობა კულტურული მემკვიდრეობისთვის“ ადგილზე გახდა ცნობილი, ადგილობრივი მოსახლეობა გარკვეულწილად ამ ძეგლებზე ზრუნავს და საკუთარი რესურსებითაც კი ამ ე.წ. სარემონტო სამუშაოებს ატარებს, რისთვისაც მათ მადლობას ვუხდით, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, პროფესიული, სამშენებლო, კონსერვაციის პრინციპების დაცვით არ ხორციელდება. ეს ძეგლების საერთო მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება და მათი ავთენტური იერსახის დამახინჯებას იწვევს.
რამდენიმე ძეგლთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვი ჩნდება, რომ ქართული კვალის წაშლა მიზანმიმართულად მიმდინარეობს. განსაკუთრებით სავალალო მდგომარეობა ბედიის მონასტერშია, სადაც უნიკალური კედლის მხატვრობაა ჩამოფხეკილი, ასევე, სავალალო მდგომარეობაშია ბაგრატ მესამის ცნობილი ფრესკა. გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს ყოველივე მიზანმიმართულად ხორციელდება და მიზანი ქართული კვალის წაშლაა. ასევე, იგივე შეიძლება, ითქვას ილორის უნიკალური ტაძრის შესახებ, რომელიც ოკუპაციის შემდგომ თეთრად, რუსულ ყაიდაზე გადაიღება. ასევე, არსებობს საფრთხე, რომ უნიკალური მოქვის ტაძარიც ამ ბედს გაიზიარებს.
ამ დროისთვის, „მოძრაობამ კულტურული მემკვიდრეობისთვის“ 12 ძეგლის მდგომარეობის შესწავლა და ფოტოფიქსაცია მოახერხა.
ესენია:
1. ბედიის მონასტერი 2. ილორის წმინდა გიორგის ეკლესია 3. მოქვის ტაძარი 4. ოქუმის ხარების ეკლესია 5. ღუმურიშის ეკლესია 6. ჩხორთოლის ეკლესია 7. წარჩეს ეკლესია 8. წმინდა სვიმონ კანანელის სახელობის ტაძარი 9. ახალი ათონის სამონასტრო კომპლექსი 10. დრანდის ტაძარი 11. დიოსკურიის ციხე 12. კელასურის ციხე
ეს პროექტი გაგრძელდება“, – განაცხადა დუმბაძემ.
თამუნა შეყილაძე