საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ EUROBASKET 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის დამატებით კიდევ ერთი სუბსიდირებული ჩარტერული რეისი დანიშნა
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „ევრობასკეტ 2025-ის“ საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიული წარმატების, მეოთხედფინალში გასვლასთან დაკავშირებით, აეროპორტების გაერთიანებამ დამატებით კიდევ 1 სუბსიდირებული რეისი დანიშნა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მათივე ცნობით, სუბსიდირებული რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 10 სექტემბერს, დილის 07:00 საათზე შესრულდება, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრები 11 სექტემბერს დაბრუნდებიან. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროა. ბილეთების შეძენა ონლაინ პლატფორმა TKTFLY.GE/eurobasket-ზე დღეს, 20:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
რეისი სრულად მორგებულია საქართველოს ნაკრების ისტორიულ მეოთხედფინალურ მატჩზე ფინეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 10 სექტემბერს, საქართველოს დროით 18:00 საათზე გაიმართება.
ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა ექნებათ მხოლოდ იმ მგზავრებს, რომლებიც გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ევრობასკეტ 2025-ის“ მატჩზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ.