საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საჰაერო კოდექსში ცვლილებები განიხილა

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საჰაერო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილა, რომელიც ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების სპეციალიზებულ ექსპლუატაციას და პარაპლანით ფრენების რეგულირებას ეხება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობა არ ადგენს ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების და პირადი დანიშნულების მიზნით ფრენების რეგულირებისთვის სპეციფიურ წესებს.

მისი თქმით, ზემსუბუქი ავიაციის სტიმულირების მიზნით მიზანშეწონილია ევროპის ქვეყნების პრაქტიკის გაზიარება და ასეთი ტიპის საჰაერო ხომალდების მიმართ განსხვავებული წესების დადგენა. კანონპროექტის თანახმად, საჰაერო ხომალდების მიმართ არ გავრცელდება ექსპლუატაციის საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი მოთხოვნები, რაც დადგენილია სამოქალაქო ავიაციაში საერთაშორისო სატრანსპორტო ფრენების რეგულირებისთვის, მათ შორის, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების ექსპლუატაციის წინაპირობა არ იქნება სერტიფიცირება აღნიშნული კონვენციების შესაბამისი მოთხოვნებით და კომერციული ექსპლუატაცია დასაშვები იქნება დეკლარაციის საფუძველზე, ექსპლუატანტის პასუხისმგებლობით, სააგენტოს მიერ დადგენილი ნორმების დაცვით. ცვლილებების თანახმად, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის პილოტის მიმართ არ გავრცელდება სერტიფიცირებულ სასწავლო დაწესებულებაში სწავლების მოთხოვნა, ასევე, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისთვის არ იქნება საჭირო ექსპლუატანტის სერტიფიკატის აღება. ასევე, ამგვარი საჰაერო ხომალდების რეგისტრაცია განხორციელდება ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების რეესტრში, სხვა დანარჩენი საჰაერო ხომალდებისგან განცალკევებით.
კანონპროექტი არეგულირებს პარაპლანით ფრენების წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც, კერძოდ: პარაპლანით ფრენა დასაშვები იქნება მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოყოფილ საჰაერო სივრცეში; პარაპლანით ფრენის რეგულირებას საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის/კატეგორიის გაცემას, შეჩერებას, გაუქმებას პარაპლანის ვარგისიანობის დადგენას განახორციელებს საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული იურიდიული პირი; აღნიშნული იურიდიული პირის მიერ პარაპლანით ფრენების განხორციელებისთვის დადგენილი მოთხოვნების დაცვასა და შესაბამისი უფლებამოსილებების განხორციელებაზე კონტროლს განახორციელებს სააგენტო. კანონპროექტის ავტორია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ხოლო ინიციატორი – საქართველოს მთავრობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები