საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ანგარიშს გაეცნო
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ანგარიში და IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგებები 2022 წლისათვის, საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ გიორგი ჭიჭინაძემ წარადგინა. მომხსენებელმა საპენსიო სააგენტოს 2022 წლის საქმიანობა მიმოიხილა და დეპუტატებს სტატისტიკური მონაცემების სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობის და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მომხსენებელმა დეტალურად ისაუბრა სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობის შესახებ.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოადგილემ დეპუტატებს საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულთა და დამსაქმებელთა რაოდენობა გააცნო, საინვესტიციო ფონდში მიმდინარე საინვესტიციო პროცესებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სააგენტოში ინფორმაციული უსაფრთხოების კონტროლისთვის მიმდინარეობს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვა „სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ISO 27001)” პრინციპების შესაბამისად. მანვე ისაუბრა სააგენტოს ორგანიზაციული განვითარების სტრატეგიასა და გრძელვადიან გეგმაზე, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთან თანამშრომლობით შეიმუშავა. მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში საპენსიო სააგენტო საკომუნიკაციო სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას წარადგენს.