“მოსკოვმა და აშშ-მა შვეიცარიაში ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებით საიდუმლო შეხვედრა გამართეს” – სომხური მედია
შვეიცარიაში ორი კვირის წინ კრემლისა და თეთრი სახლის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.
ამის შესახებ სომხური მედია დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, – წერს აზერბაიჯანული Haqqin-ი.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში არსებულ ვითარებასთან ერთად, მოსკოვმა და ვაშინგტონმა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სომხეთ-აზერბაიჯანული ურთიერთობის ნორმალიზაციის ირგვლივ არსებული ვითარება განიხილეს. ინფორმაციაში კონკრეტულად ხაზგასმულია პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ მთელ რიგ ტერიტორიულ კონფლიქტებზე “წითელი ხაზების” გავლების მხარეთა განზრახვა.
სომხური მედია წერს, რომ, თითქოს, უკრაინის საკითხში ოფიციალური თბილისის ნეიტრალიტეტით კმაყოფილმა კრემლმა ოკუპირებული აფხაზეთის საკითხზე დათმობაზე წასვლის მზადყოფნა გამოთქვა.
„დიპლომატიური წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ შვეიცარიაში გამართულ შეხვედრაზე აფხაზეთთან დაკავშირებით გარკვეული პერსპექტივებიც კი იყო განხილული. რუსეთი არ იქნება წინააღმდეგი, რომ აფხაზეთის ნაწილი საქართველოს პროტექტორატის ქვეშ გადავიდეს, იმ პირობით, რომ აფხაზეთის რკინიგზა უნდა ამოქმედდეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
მედია წერს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის პრობლემასთან ერთად, რუსმა და ამერიკელმა დიპლომატებმა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზაციის გარშემო არსებული ვითარებაც განიხილეს.
სომხური მედიის ცნობით, ვაშინგტონი მოთმინებით ეკიდება მოლაპარაკების პროცესის გაგრძელებას “მოსკოვის მოედანზე”.
სომეხი ექსპერტების აზრით, ეს გამოწვეულია ვაშინგტონის სურვილით, რომ რუსეთმა, რომელიც კარგავს გეოპოლიტიკურ გავლენას სამხრეთ კავკასიაში, შეინარჩუნოს სახე.