“საქართველო გაეროს რეზოლუციებს კვლავ პროპაგანდისთვის იყენებს”- ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო უწყება

ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო 7 ივნისის გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ, მიღებულ მორიგ რეზოლუციას გამოეხმაურა.

როგორც აღნიშნულია,  ამ რეზოლუციაში ​”ნახსენებიც არ არის, რომ პრობლემის მიზეზი 1989 წელს საქართველოს მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია გახდა ოსი და აფხაზი ხალხის წინააღმდეგ”.

ე.წ უწყებაში აცხადებენ, რომ გაეროს ამ ყოველწლიურ რეზოლუციას, რომელშიც “ფაქტებია დამახინჯებული”, “საქართველო პროპაგანდისტული მიზნებისთვის კვლავ იყენებს და რაც, მათი აზრით, ლეგიტიმაციას ანიჭებს პრეტენზიებს მეზობელ სახელმწიფოებზე, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობას არარსებულ დღის წესრიგს ახვევს თავს, ე.წ. “საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ”.

მათი თქმით, დოკუმენტში არ არის ნახსენები, რომ “ეთნიკური წმენდის შედეგად, ასი ათასზე მეტი ოსი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორია”.

„ასეთი შერჩევითი „დავიწყება“ გაეროს ამ ყოველწლიური რეზოლუციის მნიშვნელობას აბათილებს, რომელიც ტრადიციულად მიღებულია იმ ადამიანების მოსაზრებების გათვალისწინების გარეშე, რომლებსაც უყენებენ პრეტენზიებს და მოთხოვნებს”, – ნათქვამია განცხადებაში.

ე.წ. საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ “ასეთი ქართული ინიციატივები, რომლებიც ხორციელდება პოლიტიკური დივიდენდების შეგროვების მიზნით, სერიოზულად ართულებს ჟენევის დისკუსიების მუშაობას, დიალოგის ერთადერთი ფორმატის”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები