ხულოში, სახალხო დღესასწაული „სელიმობა” გაიმართა

ხულოში, საქართველოს ერთიანობისთვის თავგანწირული მამულიშვილის, სელიმ ხიმშიაშვილის უკვდავსაყოფად სახალხო დღესასწაული „სელიმობა” გაიმართა.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ღონისძიება, სხალთის შერიფ ხიმშიაშვილის სახლ-მუზეუმიდან დაიწყო და სოფელ ბაკოში, სერიყანაში გაგრძელდა, სადაც ღონისძიების მონაწილეებმა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს სელიმ ხიმშიაშვილის თავკვეთის ადგილი.

“სელიმობის ღონისძიება სოფელ ბაკოში საზეიმო კონცერტით დასრულდა. თურქ დამპყრობლებთან ბრძოლა დიდმა სელიმმა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაასრულა. 1815 წლის 3 ივნისს, სელიმ-ბეგ ხიმშიაშვილს სოფელ ბაკიბაკოში, კერძოდ სერიყანაში თავი მოჰკვეთეს, სადაც უდრეკად და ამაყად თქვა მან ისტორიული სიტყვები – “მე მჭრით თავს, მაგრამ გეტყვით, გურჯისტანი ოსმალოს სამუდამოდ არ შერჩება. ამის ხსოვნას მე ჩემს შვილებს დავუტოვებ” „სელიმობა” ბაკიბაკოელთა ინიციატივით, 2005 წლის 19 დეკემბერს, სელიმ ხიმშიაშვილის დაბადებიდან 250 წლისთავზე დაფუძნდა. პირველი „სელიმობა” კი 2006 წლის 3 ივნისს ჩატარდა.

ღონისძიებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე რენარ ბოლქვაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სასულიერო პირები, სამეცნიერო წრისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები