გენადი არველაძემ პაკისტანის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან ორმხრივი ეკონომიკური კავშირების გაღრმავების შესაძლებლობები განიხილა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე პაკისტანის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს, ასად მაჯიდ ხანს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით იმყოფება.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობები და სამომავლო თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. აღინიშნა, რომ ქვეყნები დაინტერესებული არიან, განავითარონ კავშირები ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ინოვაციებისა და ტურიზმის მიმართულებით.
პაკისტანის მხარემ გამოთქვა დაინტერესება, ჩამოყალიბდეს სამთავრობო ჯგუფები, რომელთა ფარგლებშიც შესაძლებელი იქნება პრიორიტეტული საკითხების იდენტიფიცირება და გადაწყვეტა.
პაკისტანის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, თბილისში საქართველოსა და პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროების ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების პირველი რაუნდი გაიმართა.