„მთის ნიავი“ – საბჭოთა კავშირში აკრძალული 21 წლის პოეტი

საბჭოთა კავშირში აკრძალული პოეტები არსებობდნენ და არსებობდნენ ნამდვილად აკრძალული პოეტებიც, ვისი სახელის ხსენებაც კი დიდ დანაშაულად ითვლებოდა.

ერთი ასეთი 21 წლის უცნობი გურული ბიჭი იყო, შუა ფარცხმაში დაბადებული გრიგოლ მეგრელიშვილი, ვისაც თანამედროვე პოეტები ამომავალ ვარსკვლავს უწოდებდნენ.
ამიტომ ცაზე მეხის გავარდნასავით ყოფილა გოგლა ლეონიძის 1959 წელს გამოქვეყნებული წერილი:

„„მთის ნიავი“ გავიცანი 1914 წლის ზაფხულში, ჟურნალ  „თეატრი და ცხოვრების” რედაქციაში. იმ დღეს მარხავდნენ მსახიობ კოტე მესხს და ორივეს, მე და გრიშას, ამ ჟურნალში დაბეჭდილი გვქონდა ლექსები განსვენებულ მსახიობზე. ერთმანეთი გაგვაცნო ახალგაზრდა ლიტერატორმა, ირაკლი დიდიძემ. რედაქციიდან წავედით მთაწმინდაზე, მგონი, დიდიძის ბინაზე და მთელი დღე ვილაპარაკეთ პოეზიაზე და ვიკითხეთ ლექსები. ამის შემდეგ ჩვენ ახლობელი მეგობრები შევიქენით. დიდი სიყვარულით გვიყვარდა ერთმანეთი. 1917 წელს ის განსაკუთრებით აქტიური იყო. ხშირად გამოდიოდა მენშევიკების წინააღმდეგ „ქუჩის საუბრებში“. შემდეგ მან ჯარისკაცის ფარაჯა გადაიცვა და ხელში თოფით იბრძოდა. მას არ ეცალა „პოეზიის უძილო ღამეებისთვის“, არც „პოეტური ბოჰემისთვის”. შემდეგ ქუთაისში გადავიდა, იქიდან ფრონტებზე და მალე თვალიდან მიეფარა. ათასში ერთგან მხვდებოდა მისი დაბეჭდილი ლექსებიც. შემდეგ მოვიდა მისი გმირული სიკვდილის ამბავიც. ბოლოს მღელვარე ცხოვრებამ დავიწყებას მისცა მისი სახელი. მხოლოდ მისი მეგობრები ინახავდნენ გულში დაღუპული პოეტის ძვირფას ხსოვნას”, _ იგონებდა გიორგი ლეონიძე.

16 წლისამ დაიწყო ლექსების გამოქვეყნება და ყველა რედაქცია მზად იყო მისი შემოქმედების დასაბეჭდად. სწავლას მოწყურებული გრიგოლი ჯერ ქუთაისში, შემდეგ კი 1918 წელს ახალგახსნილ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტად ჩარიცხულა.
გრიგოლ მეგრელიშვილს ფსევდონიმად „მთის ნიავი“ აუღია და ასეც აქვეყნებდა ლექსებს და პოემებს, რომლებიც მისმა თანამედროვე სტუდენტებმა ზეპირად იცოდნენ, მაგრამ ერთია პატრიოტულ თემაზე წერა და მეორეა პატრიოტიზმი. გრიგოლ მეგრელიშვილი ყველა ერთი შეხედვით წაგებულ ომში შიშის გარეშე მიდიოდა.

აღნაგობით სუსტ, მაგრამ შეუპოვარ სტუდენტს ერთხელ რომ ჩაუცვამს ჯარისკაცის ფარაჯა, სიცოცხლის ბოლომდე არ გაუხდია. ბათუმთან თურქებს, ჯიქეთში საბჭოელებს ებრძოდა. „მთის ნიავი“ ყველგან იყო, საიდანაც საქართველოს ესროდნენ. მისთვის მეტად და ნაკლებად მტერი არ არსებობდა, რადგან სახელმწიფოს თავისუფლებას კბილებით იცავდა.

ამიტომაც, წლების განმავლობაში მივიწყებული ახალი ბარათაშვილი, როგორც მას უწოდებდნენ, განსაკუთრებით ეჯავრებოდა საბჭოთა კრიტიკას. კალმით მებრძოლ მწერლებს თუ აქა-იქ მაინც დაბეჭდავდნენ ხოლმე, მეგრელიშვილის სახელის ხსენებაც კი აკრძალული ყოფილა, ამიტომ ორმაგად გასაკვირი იყო გიორგი ლეონიძის „უდროო“ წერილი, ამონარიდი მისივე წიგნიდან „მთის ნიავის“ შესახებ, რომელიც მას ჯერ კიდევ 1919 წელს, პოეტის გარდაცვალებისას დაუწერია.
მესხეთში, ფოცხოვთან მოკლეს 21 წლის ქართველი პოეტი. მას კითხვა არ დაუსვამს ვის გვერდით იბრძოდა. გრიგოლ მეგრელიშვილი ომობდა საქართველოსთვის.

მოამზადა გურამ მეგრელიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები