მაკა ბოჭორიშვილი: კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე და არა მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველო დგამს

იმედი მაქვს, რომ შეფასება იქნება ობიექტური, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღების საკითხს.

როგორც ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილება დამოკიდებულია ბევრ სხვა ფაქტორზე და არა მხოლოდ იმაზე, რა ნაბიჯებსაც საქართველო დგამს.

„მე იმედი მაქვს, რომ შეფასება იქნება ობიექტური. ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ – ევროკომისიის მიერ გაკეთებული შეფასებები, როდესაც ჩვენს კითხვარებზე მივიღეთ დასკვნები. მე იმედი მაქვს, რომ ასევე პოზიტიურად შეფასდება ის ნაბიჯები, რაც უკვე გადადგა საქართველომ და რა თქმა უნდა, მოლოდინი მაქვს, რომ ეს ზეპირი შეფასება უკვე პოზიტიურ ელემენტებს შეიტანს და მოამზადებს შემოდგომისთვის იმ ანგარიშში, რომელზეც უკვე მუშაობს ევროკომისია, მაგრამ რომელიც გამოქვეყნდება დეკემბერში.

გარდა ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის ტექნიკური მხარე ამ ყველაფრის, რასაც ევროკომისია მოამზადებს – ანგარიში, შეფასებები, იქ ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება პოლიტიკური კომპონენტი და ის კონტექსტი, რა კონტექსტშიც ევროკავშირი მიიღებს ამ გადაწყვეტილებას. მე იმედი მაქვს, ეს ყველაფერი ერთობლიობაში იქნება საქართველოს სასარგებლოდ და გადაწყვეტილებაც იქნება დადებითი კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენ, საზოგადოებამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს დამოკიდებული იქნება ძალიან ბევრ ფაქტორზე და არა მხოლოდ იმ ნაბიჯებზე, რასაც საქართველო დგამს“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები