ვახტანგ გომელაური: 2013 წელს ჩამბარდა საზღვრის მიმართულება, საქართველოს მასშტაბით სექტორები იყო სავალალო მდგომარეობაში – იყო შემთხვევები, ადამიანები რომ იძინებდნენ, ცელოფნებს იფარებდნენ

2012 წლის შემდეგ სოციალური პოლიტიკის კუთხით სამინისტროში ძალიან ბევრი რამ არის გაუმჯობესებული, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„მაგალითად, სადაზღვევო პაკეტი გაუმჯობესდა; ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს, 1000-ლარიანი დახმარება დაენიშნა მათ, ვისაც შვილი შეეძინათ, ასევე, თუ გარდაეცვლებოდა ოჯახის წევრი შსს-ს თანამშრომელს, მათაც დახმარება გაეწიათ. ასევე, 100 000 ლარია გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილთა ოჯახებისთვის. ეს ელემენტარული კომპენსაცია აუცილებელი იყო და მადლობა ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც ეს გააკეთა. 2012 წლამდე არც ეს არსებობდა. ათეულობით ახალი პოლიციის შენობა აშენდა.

არ მიყვარს ხოლმე წარსულზე საუბარი, მაგრამ, 2013 წელს მოადგილე როდესაც ვიყავი, ჩამბარდა საზღვრის მიმართულება, სადაც, რომ ჩავედი, ნამდვილად შოკში ვიყავი ისეთ სავალალო მდგომარეობაში იყო საქართველოს მასშტაბით სექტორები. იყო შემთხვევები, ადამიანები, რომ იძინებდნენ ცელოფნებს იფარებდნენ – წვიმა რომ მოდის, წყალი ჩამოდის და ვსველდებითო. დღეს 64 სექტორია, დაგვრჩა 6 სექტორი ასაშენებელი და დარწმუნებული ვარ, 2024 წლამდე დასრულდება მშენებლობა. ამაში დიდი წვლილი შეაქვთ ჩვენს პარტნიორებს, ევროკავშირს აშშ-ს, გვეხმარებიან ამ მიმართულებით და მინდა მათ მადლობა ვუთხრა.

ასევე, 2006-2007 წლიდან მოყოლებული შეიარაღება მასიურად არ გვიყიდია, ახლა შევიძინეთ იარაღები, მათ შორის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები. შევიძინეთ ტრანსპორტი, რომელზეც არაერთხელ გამლანძღეს, რად უნდათ ამდენი მანქანაო – ჩვენ ვართ თითქმის 40 000 ადამიანი და 400 მანქანა რატომ იყიდეთო, ამბობდნენ. ეს მანქანები არ არის ძვირადღირებული, მაღალი კლასის მანქანები. არის ჩვეულებრივი, სამუშაო იაფფასიანი მანქანები. პოლიციელი მანქანის, იარაღის, შენობის გარეშე ხომ ვერ იარსებებს, მით უმეტეს, რომ 24 საათი მანქანაში, სამსახურებში ვცხოვრობთ.“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები