“ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ, რომ გვყავს ევროპული სტანდარტების პოლიცია”, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, თითოეული ურთიერთობა პოლიციის საერთაშორისო პლატფორმაზე მუდმივად აღფრთოვანებას იწვევს.
„პოლიციაში უამრავი რეფორმა განხორციელდა, რომლის მთავარ მიზანს პროფესიონალიზმის ამაღლება და თანამედროვე ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა წარმოადგენს. ჩვენ ნამდვილად ვამაყობთ, რომ გვყავს ევროპული სტანდარტების პოლიცია. წლების განმავლობაში პოლიცია აღიქმებოდა, როგორც დასჯის მექანიზმი, ბოლო წლების განმავლობაში გატარებული არაერთი რეფორმის შედეგად, დღეს თანამედროვე, ევროპული ტიპის პოლიცია მივიღეთ, რომელიც როგორც სამართლებრივი ბაზით, ასევე პრაქტიკული მოქმედებით ავლენს იმას, რომ ის არის თანამედროვე, ევროპული სტანდარტების პოლიცია.
ჩვენ არაერთ საერთაშორისო პლატფორმაზე ვთანამშრომლობთ ჩვენს ევროპელ კოლეგებთან. თითოეული შეხვედრა და თითოეული ურთიერთობა პოლიციის საერთაშორისო პლატფორმაზე მუდმივად იწვევს აღფრთოვანებას“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.