“განცხადება შემთხვევით არ გაკეთებულა” – აფხაზი ექსპერტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსული კონტინგენტის გაძლიერების ინიციატივაზე

აფხაზი დიპლომატი, სამხედრო ექსპერტი, გარი კუპალბა მიიჩნევს, რომ რუსეთის საბჭოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ვიქტორ ბონდარევიჩის განცხადება შემთხვევითი არ ყოფილა.

30 მაისს ბონდარევიჩმა განაცხადა, რომ “მოსკოვის წინააღმდეგ ვაშინგტონის მტრული პოლიტიკის გაძლიერება საზღვარგარეთ რუსული სამხედრო ბაზების შექმნის აუცილებლობას იწვევს”.

მისივე თქმით, შექმნილ ვითარებაში „რუსეთი ვალდებულია, გააძლიეროს თავისი ყოფნა კუხო-ს ქვეყნებში, ასევე, რუსეთის ფედერაციის მიერ აღიარებულ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებში, აგრეთვე, თვითგამოცხადებულ დნესტრისპირეთის მოლდოვის რესპუბლიკაში”.

კუპალბა ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც “სპეოპერაცია” მიმდინარეობს, რუსეთმა საზღვარგარეთ სამხედრო ბაზები უნდა გააძლიეროს, “როდესაც მთელი დასავლური სამყარო უკრაინას იარაღს აწვდის, ეს მიანიშნებს იმაზე, რომ რუსეთს არავინ შეეშვება”.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ერთპოლარული სამყარო დაინგრა, თავის დამკვიდრებისთვის საჭიროა ძლიერი მოკავშირეები და ამავდროულად, ამ ქვეყნებში ძლიერი ბაზა გქონდეს.

“საჭიროების შემთხვევაში ამ რეგიონების დასაცავად უნდა ვიყოთ მზად. ეს, რა თქმა უნდა, ერთი დღის საკითხი არ არის. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება სპეციალური სამხედრო ოპერაცია”, – თქვა კუპალბამ.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ოკუპირებული აფხაზეთისთვის რუსული კონტინგენტის გაძლიერება მხოლოდ სასარგებლო იქნება.

„აფხაზეთი ფაქტობრივად თურქეთს ესაზღვრება. თურქეთი ნატოს ქვეყანაა. ჩვენი ტერიტორიის პირდაპირ არის ნატოს სამხედრო პოლიგონი, სადაც განლაგებულია ყველაზე თანამედროვე თვითმფრინავები, მათ შორის შორი მანძილის დრონები. რუსული კონტინგენტის გაძლიერება, პირველ რიგში, უნდა დაიწყოს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებით“, – აღნიშნა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები