რა ცვლილებებს  ითვალისწინებს ავტოსადგურების რეფორმა  და  რა  გავლენა ექნება სამგზავრო გადაყვანებზე –  „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განმარტება  

რა ცვლილებებია დაგეგმილი ავტოსადგურების რეფორმის ფარგლებში     და რა გავლენა ექნება რეგულაციებს სამგზავრო გადაყვანებზე  – ამ საკითხთან დაკავშირებით ტრანსპორტისა და საგზაო უსაფრთხოების საკითხების ექსპერტმა, ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა, ირაკლი იზორია მედიაჰოლდინგ  “კვირას” პრესკლუბში  გამართულ  პრესკონფერენციაზე  ისაუბრა.  მისი  განცხადებით,  კარგია   ის,  რომ ავტოსადგურების სერტიფიცირება იგეგმება.  მისივე თქმით, რეფორმა  3 ტიპის ავტოსადგურის  ფუნქციონირებას ითვალისწინებს.

“მოგეხსენებათ, ავტოსადგურების სერტიფიცირების თემაზე  საუბარი ბევრი წელია, რაც მიმდინარეობს.  კანონის მიღება დაახლოებით 2- ჯერ იყო დაანონსებული,  თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო გადაიდო. როგორც ვიცით,  ეს კონკრეტული კანონპროექტი უკვე  პარლამენტშია გადაგზავნილი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ამ კანონპროექტს კონკრეტულად არ ვიცნობთ, დეტალები ვიცით იქიდან გამომდინარე, რომ ეკონომიკის სამინისტროში  არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვედრა გვქონდა და  თითოეული დეტალი გავიარეთ,  თუ რა შეიძლებოდა, ამ სფეროს გაუმჯობესებისთვის გაკეთებულიყო. კარგი ამბავი ის არის, რომ ავტოსადგურების სერტიფიცირება იქნება, კონკრეტულ რეგულაციებს დაექვემდებარება.   3 ტიპის ავტოსადგური იქნება, პირველი  კატეგორია იქნება  დიდი ქალაქებისთვის განსაზღვრული, საერთაშორისო მნიშვნელობის ავტოსადგური;  შედარებით პატარა,  მცირე  ზომის ქალაქებსა და სოფლებში  მეორე, მესამე კატეგორიის ავტოსადგურები იქნება. მუნიციპალიტეტი  თავად განსაზღვრავს   დიზაინს და კონკრეტულ ადგილმდებარეობას,  თუ სად უნდა განთავსდეს ავტოსადგურები.  რაც შეეხება რეგულაციებს – ვიცით, რომ, დღევანდელი კანონმდებლობით,  სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს არ აქვს უფლება,  ავტოსადგური შეამოწმოს,   არის თუ არა ის რეგლამენტის შესაბამისად მოწყობილი.  კანონში  აუცილებლად იქნება ცვლილება იმის შესახებ, რომლითაც სასამართლოს  თანხმობის გარეშე სააგენტოს შეეძლება,  ადგილზე მივიდეს და ნახოს, რა მდგომარეობაშია ავტოსადგური და  ფუნქციონირებს თუ არა ისე, როგორც საჭიროა”, – განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, ავტოსადგურებში გარკვეული მოთხოვნები უნდა იყოს დაკმაყოფილებული.  იზორიას განმარტებით, საუბარია სამედიცინო ოთახის არსებობაზე, მძღოლების სამედიცინო შემოწმების აუცილებლობაზე,  გაბილეთიანების სისტემაზე.

“ამას ავტოსადგურების მიმართ გარკვეული მოთხოვნები ემატება. დღეს ეს კი გვაქვს კანონმდებლობაში გაწერილი, მაგრამ აღსრულების მექანიზმი უფრო მკაფიოდ უნდა იყოს. ეს არის სამედიცინო ოთახის არსებობა, მძღოლის შემოწმება, იგეგმება გაბილეთიანების სისტემა, იცით, თუ რა მდგომარეობაა ავტოსადგურებში, ბილეთები ზოგან საერთოდ არ იყიდება, ან გასვლის მარშრუტები არ ვიცით, როდის გადის, როდის ჩადოს კონკრეტულ ლოკაციაზე. ტურიზმის განვითარებისთვისაც  ამ კანონპროექტის მიღება აუცილებელია, ვინაიდან  ტურისტმა უნდა იცოდეს, როცა სატრანსპორტო საშუალება კონკრეტული ლოკაციიდან გადის,  მგზავრობას რა პერიოდი სჭირდება, კონკრეტულად რომელ საათზე გავა, რათა მარშრუტი დაგეგმოს. ასევე, ონლაინდაჯავშნა  იქნება შესაძლებელი, უშუალოდ გასვლის თარიღების,  კონკრეტული დროის. გადაადგილება  უფრო ხელმისაწვდომი და კომფორტული იქნება.  ამას  მძღოლის მიმართ მოთხოვნები ემატება, იქნება სამედიცინო შემოწმება,  გასვლის წინ, შესაძლოა,   ალკოტესტით შემოწმებაც იყოს.  უსაფრთხოების სტანდარტებთან მიმართებით თუ ვიტყვით, დამატებითი ჩანართები იქნება. რაც შეეხება თავად სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებას –  დღევანდელი მდგომარეობით ვიცით, რომ ბევრი სამარშრუტო ავტომობილი, ავტობუსები,  50 %-ზე მეტი გადაადგილდება ისე,  რომ ტექინსპექტირება გავლილი  აქ აქვს,  შესაბამის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს.  ეს საგზაო უსაფრთხოების რისკებს კიდევ უფრო ზრდის.  აუცილებელი  მოთხოვნა იქნება, რომ ტექნიკური ინსპექტირება გაიარონ.  ამას  დაემატება  რეგულაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ავტომობილი  ევროპულ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდეს, მაგალითად, სატვირთო ავტომობილი არ უნდა იყოს გადაკეთებული  და ე.წ. სავარძლები ხელოვნურად არ უნდა იყოს   დამონტაჟებული,  რადგან საგზაო შემთხვევის დროს ასეთი “სავარძლები” ხშირად ტყდება და  ადამიანის დაღუპვის მიზეზია ხოლმე.  ასევე, დაემატება მნიშვნელოვანი ცვლილება – მძღოლის დროის რეჟიმის გაკონტროლება ე.წ. ტაპოგრაფის სისტემა,  სადაც  დროის რეჟიმს გავაკონტროლებთ. ევროპული რეგულაციით,  ყოველი 4, 5  საათის შემდგომ  მძღოლმა მინიმუმ 30-45  წუთი უნდა დაისვენოს. დღეს ამის შემოწმებას ვერ ვახერხებთ.  ტაპოგრაფის სისტემა საერთაშორისო გადამზიდავებსა და მძღოლებზე ახლაც სავალდებულოა, თუმცა, ადგილობრივ საქალაქთაშორისო გადაყვანებში სავალდებულო არაა. ეს აუცილებლად სავალდებულო იქნება. მძღოლის გადაღლილობის თავიდან აცილებისთვის  ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებაა”, – განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, თუ სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს გააძლიერებს, 75  და მეტი პროცენტულობით მძღოლის ქცევა გაკონტროლებული იქნება და ეს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა.

“ჩვენმა ფონდმა 2018 წელს განახორციელა კვლევა, რომელიც ამერიკის  საელჩოს მიერ იყო მხარდაჭერილი.   ერთი იყო უშუალოდ ავტოსადგურების მდგომარეობის შესწავლა:  აკმაყოფილებდა თუ არა თანამედროვე სტანდარტებს,  რა პრობლემები იკვეთებოდა. მეორე მიმართულება უშუალოდ მძღოლებზე დაკვირვება იყო. მეორე ნაწილზე გავამახვილებ  ყურადღებას. მძღოლებს  კონკრეტულ ლოკაციებზე, შორ დისტანციებზე დავაკვირდით. მკვლევრები მძღოლებს უსხდებოდნენ  როგორც  ავტობუსებში, ისე მიკროავტობუსებში,  მათ ქცევებს აკვირდებოდნენ, ერთი შემთხვევა იყო, როცა ეს მძღოლებმა არ იცოდნენ, მეორე შემთხვევაში კი იცოდნენ, რომ დაკვირვების ქვეშ იყვნენ.   წესების დარღვევის 75 %-იანი სხვაობა  გამოჩნდა. ანუ გვინდოდა,  დაგვემტკიცებინა ის, რომ თუ სახელმწიფო კონტროლის მექანიზმებს გააძლიერებს, 75  და მეტი პროცენტულობით მძღოლის ქცევა გაკონტროლებული იქნება, ესაა იგივე ღერძულა ხაზის გადაკვეთა, სიჩქარის გადაჭარბება, ავტომობილში სიგარეტის მოწევა, სკამების ჩადგმა და ა.შ.  ჩვენ    რეკომენდაციები ეკონომიკის სამინისტროსაც გავუზიარეთ, ეს კვლევა გაგზავნილი გვაქვს,  მივესალმებით იმას, რომ ეს პრობლემაც გათვალისწინებულია,  მძღოლთა კონტროლი აუცილებლად უნდა მოხდეს, რადგან საგზაო შემთხვევების უმეტესი ნაწილი ადამიანური ფაქტორის გამო ხდება, მძღოლზე,  მის შეცდომებზეა, დამოკიდებული და  მძღოლის გაკონტროლება მნიშვნელოვანია. რეფორმა დაანონსებულია და დიდი იმედი მაქვს,  რომ   საქართველოს პარლამენტი ძალიან მალე მიიღებს.  ამ ყველაფრის დასრულება 2025 წლამდე უნდა მოხდეს”, – განაცხადა იზორიამ.

ცნობისთვის,  ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა   ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის რეფორმის თაობაზე   გუშინ,  მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი  განცხადებით, უახლოეს ხანებში პარლამენტს გადაეგზავნება ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც რეფორმის ფარგლებში ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მოქცევას სანებართვო სისტემაში, საერთაშორისო გადაყვანა/გადაზიდვის პროცესის მარეგულირებელი ნორმების დახვეწას და ავტოსადგურების სერტიფიცირებას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ.

„დღეს ქვეყანაში არსებობს უამრავი ავტოვაგზალი, რომელიც არანაირ წესებში არ არის მოქცეული, არ არის დაცული არანაირი სტანდარტი და, სამწუხაროდ, ხარისხი არის ძალიან დაბალი. ეს აისახება ჩვენი ქვეყნის ვიზუალზეც, ასევე ტურიზმის სექტორზე და რა თქმა უნდა, ყველაზე ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ჩვენს მოქალაქეებს არც ისე კომფორტულ პირობებში უწევთ შიდა საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა. შესაბამისად, კანონპროექტის მიხედვით, კონკრეტული მოთხოვნები იქნება ასეთი ავტოსადგურების მიმართ, რომლის საფუძველზეც სამი ტიპის – პირველი, მე-2 და მე-3 კლასის ავტოსადგური განისაზღვრება“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მინისტრის განმარტებით, ავტოსადგურების კლასიფიცირება მოხდება მუნიციპალიტეტების მიხედვით – დიდ ქალაქებში იქნება პირველი კლასის ავტოსადგურები, რომლებიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა, ასევე ძალიან პატარა მუნიციპალურ ცენტრებში იქნება შედარებით მცირე მოთხოვნების, მაგრამ თანამედროვე ვიზუალის, ყველა მინიმალური კომფორტის და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით მოწყობილი ავტოსადგურები.

 

თამუნა შეყილაძე 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები