შალვა ოგბაიძე – “ტაქსების გარკვეული რაოდენობა საავტობუსო ზოლში გადავა და ივლის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ზოლიდან ზოლში “ისეირნებენ”

“ტაქსების გარკვეული რაოდენობა საავტობუსო ზოლში გადავა და ივლის , მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ზოლიდან ზოლში “ისეირნებენ”, მათ მხოლოდ განსაკუთრებული ადგილები აქვთ, სადაც შეუძლიათ, გადაკვეთონ”, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, შალვა ოგბაიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ოგბაიძე ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპის სიახლეებს გამოეხმაურა – კერძოდ იმას, რომ A კატეგორიის ტაქსებს, რომელთა ავტომანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.

“რეგულაციით საუბარია A კატეგორიის ტაქსებზე, რომლებიც გარკვეულ პირობებს აკმაყოფილებენ. ამ კატეგორიის ტაქსი თეთრი ფერისაა, აქვს ლიცენზია და ა.შ. ჩვეულებრივი მანქანით რომ მგზავრობთ, წინ მიმავალი ტაქსი მარჯვენა რიგში რომ გადავა, თქვენ ხომ ადგილი გაგითავისუფლდებათ? ტაქსის მძღოლს ს საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოყოფილ ზოლში გადაკვეთის უფლება აქვს წყვეტილი ხაზების ადგილზე, ასევე მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის მიზნით. ის, რომ გვერდზე გადაუხვია, შემდეგ წინ ჩაგიჭრა, ასე არ იქნება. A კატეგორიის ტაქსი დაახლოებით 15 000- მდეა, ლიცენზიანტების რაოდენობა კი მეტია. აქედან 10 წლამდე ავტომობილი 3 341 -ია. კითხვა იბადება, რატომ მაინცდამაინც 10 წელი? პასუხია ასეთია: ისევე, როგორც ნებისმიერი ნივთი, რომელსაც მოვიხმართ, ავტომობილიც გარკვეული ვადით მოხმარების საგანია, თუ ტაქსის მძღოლს ისე დაუდგება საქმე, რომ ავტომობილი უნდა შეცვალოს, არ იყიდოს 18 წლის, ან 20 წლის “ოპელ ვექტრა”, თუნდაც გამართული იყოს. ეს რეგულაცია ერთგვარი წახალისებაა.
ტაქსების გარკვეული რაოდენობა საავტობუსო ზოლში გადავა და ივლის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ზოლიდან ზოლში “ისეირნებენ”, მათ მხოლოდ განსაკუთრებული ადგილები აქვთ, სადაც შეუძლიათ, გადაკვეთონ და ისევ დაბრუნდნენ, ანუ წყვეტილით განსაზღვრული ადგილი მგზავრთა ჩასხდომა- გადმოსხდომის მიზნით, შემდეგ მოძრაობას აგრძელებენ და ნახავენ ადგილს , სადაც ზოლი უნდა დატოვონ. არ მეგულება არცერთი ჭკუათმყოფელი ადამიანი, როცა მეორე და მესამე ზოლი თავისუფალია, მაინცდამაინც ავტობუსისთვის გამოყოფილ ზოლში იაროს. ამას ცხოვრებაც გვაჩვენებს.
ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება უფრო დაცული იქნება. ეს ტაქსის მომხმარებლების ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის და ჯანმრთელობის გაფრთხილებაცაა. გახსოვთ, ტაქსის მძღოლები მეორე ზოლში აჩერებდნენ და საავტობუსო ზოლის გადმოჭრა უჭირდათ ბავშვიან ქალებს, ხანშიშესულ ადამიანებს, ბარგის მქონეებს. ტაქსი სწორედ მაშინ ქმნიდა საცობს, როცა მეორე რიგში აჩერებდა და არა პირველ რიგში გამოყოფილ ზოლში გაჩერებისას”, – განაცხადა ოგბაიძემ.

ცნობისთვის, A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომანქანის ასაკი 10 წელს არ აღემატება, პირველი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ.

„ტაქსების რეფორმის ფარგლებში, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა. გვაქვს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც შეეხება მხოლოდ A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს ექნებათ უფლება, პირველი ივნისიდან იმოძრაონ ავტობუსის ზოლში. აქამდე შეეძლოთ, რომ აღნიშნულ ზოლში მგზავრი აეყვანათ ან ჩამოესვათ, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, ტაქსი დაიშვება ავტობუსის ზოლში მხოლოდ იქ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულებით.
„იმისთვის, რომ მარტივად იდენტიფიცირებადი იყოს ასეთი საშუალებები, მათ შორის მგზავრებისთვის, შემოვიღეთ ე.წ. სტიკერები, რომელთა დარიგებას უკვე მაისიდან დავიწყებთ მუნიციპალურ სერვისცენტრებში. ეს ე.წ. სტიკერი იქნება იმის მანიშნებელი, რომ ტაქსი დაშვებულია ავტობუსის ზოლში. შესაბამისად, მისი გადაადგილების დრო გაცილებით ნაკლები იქნება. ეს „სტიკერი“ განთავსდება ტაქსის საქარე მინაზე, მარჯვენა ზედა კუთხეში. A კატეგორიის ტაქსი დაიშვება მხოლოდ იმ საავტობუსო ზოლში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის და არა საპირისპირო მიმართულებით. ეს მნიშვნელოვანი დეტალია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები