ხვალიდან წამლები რეცეპტით გაიცემა – რეცეპტით და ურეცეპტოდ გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი
აფთიაქიდან გარკვეული წამლების რეცეპტით გაიცემა და სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მომსახურების ახალი წესი ხვალიდან ამოქმედდება. ამასთან, ხვალიდანვე 18 წლამდე მოზარდები მედიკამენტების შეძენას რეცეპტის წარდგენის შემთხვევაშიც კი ვერ შეძლებენ და მათზე ნებისმიერი პრეპარატის გაცემა იკრძალება. ცვლილება “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონში” ფარმაცევტული დაწესებულებებიდან მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის რეცეპტით გაცემასთან დაკავშირებით შევიდა. აღნიშნული ცვლილება შედის “წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონში.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ცვლილების მოტივს წარმოადგენდა სამკურნალო საშუალებების არარაციონალური გამოყენება (თვითმკურნალობა, ფარმაცევტული პროდუქტის არარაციონალური დანიშნულება) და ე.წ. სააფთიაქო ნარკომანია (II ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტის არამიზნობრივი მოხმარება ნარკოტიკული თრობის მისაღწევად). როგორც სამინისტროში აცხადებენ, რეცეპტის ინსტიტუტის დამკვიდრებასთან დაკავშირებით, სამინისტროს მიერ ხორციელდება პილოტური პროგრამა, რომელშიც ჩართულია 120 სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულება როგორც თბილისში, ასევე, სხვა ქალაქებსა და რეგიონებში. რაც შეეხება სასწრაფო – სამედიცინო დახმარების მომსახურების ახალი წესს, სასწრაფო – სამედიცინო დახმარების გამოძახებაზე რეგულაცია დაწესდება და ადგილზე მისვლა არა რიგითობის, არამედ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე განხორციელდება. ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განმარტებით, რეცეპტებით მედიკამენტების გაცემა აუცილებელია ორი ძირითადი რისკის: მედიკამენტების არადანიშნულებისამებრ მოხმარებისა და მათი თვითნებურად გამოყენების გამო, რაც ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს.
იმოქმედებს როგორც ერთწლიანი რეცეპტები, ასევე უეცრად დამდგარ სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებით, ყველა აფთიაქში იქნება გადაუდებელი დახმარების ნაკრები, რომლის შემადგენლობაც შესწავლის შემდეგ განისაზღვრება. II ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტურის ინსტიტუტის ამოქმედების ფარგლებში დამტკიცდა მეორე ჯგუფს მიკუთვნებული მედიკამენტების რეცეპტის გამოწერის წესი და ფორმა №3 რეცეპტის ბლანკის ახალი ფორმა (ბრძანება №01-53/ნ, 18.07.2014), რომელიც სამედიცინო და ფარმაცევტულ სექტორთან აქტიური კომუნიკაციით მომზადდა, დაზუსტდა ურეცეპტოდ გასაცემი – III ჯგუფის მედიკამენტების ჩამონათვალი (შევიდა ცვლილება 2009 წლის 13 ოქტომბრის N331/ნ ბრძანებაში); რეცეპტურის ინსტიტუტის ამოქმედების თანმხლები რისკების პრევენციის მიზნით, სამედიცინო დაწესებულებებს მიეცათ რეკომენდაცია, შეემუშავებინათ და სამინისტროში წარმოედგინათ საპილოტე პროექტის გეგმა-გრაფიკი, რომელიც მათ მიერ II ჯგუფის მედიკამენტების რეცეპტურის ინსტიტუტზე ეტაპობრივ გადასვლას ითვალისწინებდა. ამასთან, სამინისტროს მიერ ხორციელდებოდა აღნიშნული პროცესის მუდმივი მონიტორინგი. 1 სექტემბრიდან ურეცეპტოდ აღარ გაიცემა II ჯგუფის მედიკამენტები, მ.შ., საძილე და სედაციური საშუალებები (გარდა მცენარეული პრეპარატებისა), ანტიდეპრესანტები, კორტიკოსტეროიდები სისტემური გამოყენებისათვის, სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატები და იმუნომოდულატორები, მიკრობების საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, პარკინსონიზმის საწინააღმდეგო პრეპარატები, ანტიჰისტამინური საინექციო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის, საგულე გლიკოზიდები, ანტიარითმული და ანტიჰიპერტენზული პრეპარატები, შაქრიანი დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები, საინექციო წამლის ფორმები და სხვ.
რაც შეეხება ურეცეპტოდ გასაცემი III ჯგუფის მედიკამენტების ნუსხას, აღნიშნული არის საკმაოდ ვრცელი და მოიცავს საქართველოში რეგისტრირებულ 3306 მედიკამენტს. ესენია: კუჭ-ნაწლავის დაავადებების სამკურნალო და ნაწლავის მიკროფლორის მარეგულირებელი საშუალებები, ვიტამინები და მინერალები (გარდა საინექციო ხსნარებისა), ანტიაგრეგანტები (თრომბო აცც, ასპირინი კარდიო, კარდიომაგნილი და სხვ.), პერიფერიული სისხლის მიმოქცევის გამაუმჯობესებელი საშუალებები, ანგიოპროტექტორები, მთელი რიგი ანალგეზიური, სიცხის დამწევი და ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები, ბრონქული ასთმის სამკურნალო პრეპარატები, ხველის საწინააღმდეგო და ამოსახველებელი საშუალებები, H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები (ერიუსი, ალერფასტი, კეტოტიფენი, ტავეგილი და სხვ.), ანემიის საწინააღმდეგო საშუალებები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატები და სხვ. ფორმა №3 რეცეპტის ბლანკები ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. რეცეპტების ამობეჭდვას რეცეპტების სისტემაში დარეგისტრირებული თითოეული მომხმარებელი შეძლებს. ინფორმაცია რეცეპტების ბეჭდვასა და სისტემაში დარეგისტრირების შესახებ სამინისტროს ვებგვერდზე უახლოეს მომავალში განთავსდება. სოფლის ექიმებს კი რეცეპტები სამინისტროს მიერ გადაეცემათ.
რეცეპტით და რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტების ჩამონათვალი