ნაწლავური ინფექციით დაავადებულ პაციენტთა რაოდენობა გაიზარდა
ბათუმის საავადმყოფოებში ნაწლავური ინფექციით დაავადებულ პაციენტთა მიმართვიანობამ საგრძნობლად მოიმატა – ამის შესახებ ბათუმის საავადმყოფოს ბავშვთა საავადმყოფოში “ემერჯენსის” განყოფილების ექიმი ნაირა ფანტენაძე აცხადებს. მისი თქმით, ამჟამად განყოფილებაში პაციენტთა საერთო რაოდენობის 45%-ს ნაწლავური ინფექცია დაუდგინდა.
როგორც ფანტენაძე აღნიშნავს, ინფექცია ღებინებით, ფაღარათითა და სხეულის მაღალი ტემპერატურით ხასიათდება. მედიკოსები დაავადების გამომწვევ მიზეზებად ჰიგიენური წესების დარღვევას და არასათანადო კვებას ასახელებენ. „უმრავლესობა სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს. ”ემერჯერსის” განყოფილებაში, ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მომართვიანობამ მოიმატა, მაგრამ საგანგაშო ციფრებს ნამდვილად არ მიაღწევს. ეს არის ჩვეულებრივ მომართვიანობა, რომელიც ზაფხულის სეზონს ახასიათებს. სეზონთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, უნდა დაიცვან პირადი ჰიგიენა, აუცილებლად უნდა მიიღონ სითხის საკმარისი რაოდენობა ასაკის შესაბამისად – ეს არის ორი წლიდან ათ წლამდე დაახლოებით ლიტრა სითხე და ჯანმრთელი საკვების მიცემა”, – განაცხადა ნაირა ფანტენაძემ.