„მიშველეთ…“ – სასიკვდილოდ დაჭრილი დაჩი დარჩია შველას ითხოვდა

     „მიშველეთ… მიშველეთ“… – ეს იყო დაჩი დარჩიას უკანასკნელი სიტყვები, რომელიც მან სიცოცხლის ბოლო წუთებში წარმოთქვა. „სქაი ბარის“ დიჯეი ინგოროყვას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში მიყვანიდან 10 წუთში გარდაიცვალა.
„ღამის 4 საათი იყო დაწყებული, რომ მუშაობა დავამთავრეთ და დაჩი სახლში წავიდა. ავლაბრის მეტროსთან სიგარეტი უყიდია და იქვე, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბაღთან ტაქსის გასაჩერებლად გადავიდა. ამ დროს ვინმე „გიორგი“ მისულა, იქ რა მოხდა, არ ვიცი. დაჩისთვის ზურგის არეში დანა ჩაურტყამს, დაჭრილი ისევ „სქაი ბარისკენ“ წამოვიდა. დაჩის სისხლი სდიოდა. ჭრილობა ძალიან ღრმა იყო. ის მხოლოდ შველას ითხოვდა. „მიშველეთ, მიშველეთ“, – ამბობდა დაჩი. დაჭრილი მიწისქვეშა გადასასვლელთან ახლოს დავაწვინეთ. სასწრაფო გამოვიძახეთ. საავადმყოფოშიც მე გავყევი, მიყვანიდან 10 წუთში დაიღუპა. ხელებში ჩამაკვდა. როგორც გავიგე, არტერია ჰქონდა გადაჭრილი“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას „სქაი ბარის“ დირექტორმა დავით კვირტიამ.
მისი თქმით, დანაშაულში ეჭვმიტანილი გიორგი ‘სქაი ბარის“ დაცვის თანამშრომელმა დააკავა. როგორც დავით კვირტია ამბობს, იგი გვიან ღამით შემთხვევის ადგილზე დაბრუნდა. მისი თქმით, მკვლელობის ადგილზე ხალხმრავლობა იყო.
„უამრავი ხალხი იყო შეკრებილი. ჩემი თვალით ვნახე ვინმე „გიორგი“, რომელიც პოლიციის მანქანაში იჯდა. შემთხვევის ადგილზე დიდი დანა ეგდო. ხალხისგან შევიტყვე, თურმე გიორგი ამბობდა, რომ ტაბლეტები დავლიეო, არ ვიცი, რა ტაბლეტებზეა საუბარი. იქ შეკრებილი ხალხისგან ისიც გავიგე, რომ ამ გიორგის ეს დანა გადაუტეხია და იქვე დაუტოვებია. დღეს დილით კი შევიტყვე, რომ დამნაშავე წარსულში ნასამართლევიც ყოფილა“, – ამბობს დავით კვირტია.
„სქაი ბარის“ დირექტორი კატეგორიულად უარყოფს, ინფორმაციას, თითქოსდა დიჯეისა და ეჭვმიტანილს შორის კონფლიქტი ბარში დაიწყო.
„როდესაც ეს გიორგი პირველად პოლიციის მანქანაში იჯდა, მაშინ ვნახე. გუშინ ის ჩვენს ბარში არ ყოფილა, თუ სამართალდამცველები დაინტერესდებიან, სათვალთვალო კამერებიდან ყველა სტუმრის ნახვა შეუძლიათ. წუხელ ის ჩვენს ბარში არ შემოსულა“, – ამბობს ბარის დირექტორი.
როგორც „კვირას“ დავით კვირტიამ განუცხადა, დარჩიას ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა, მას გურიაში დღესვე გადაასვენებენ.
35 წლის დაჩი დარჩია წარმოშობით გურიიდან იყო. მას მხოლოდ დედა და და ჰყავს. მამა ადრე გარდაეცვალა. თბილისში კი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ბოლო 8 წლის განმავლობაში დაჩი დარჩია „სქაი ბარში“ დიჯეიდ მუშაობდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ბრალდებით მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).

იზა შაქარაშვილი

1544354_10152347399191342_2907770762784343837_n

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები