პარლამენტში სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრები კომიტეტთან არსებული სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ, საბჭოს წევრებს კომიტეტის სამოქმედო გეგმა გააცნო და სკოლამდელი განათლების მიმართულებით დაგეგმილ ინიციატივებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე სკოლამდელი განათლების სისტემაში არსებული გამოწვევები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურულ პრობლემებსა და ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობაზე. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, კომიტეტთან 5 ახალი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.
მისი თქმით, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების მიმართულებების მიხედვით თემატური მოკვლევები განხორციელდება. სკოლამდელი განათლების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე ხელმძღვანელობს.
„დარგის ექსპერტებისგან მოვისმინეთ ის საჭიროებები, რომელიც სკოლამდელ განათლებაში არსებობს. საბჭოს წევრებს გავაცანით კომიტეტის სამოქმედო გეგმა და მათი მხრიდან დაველოდებით რეკომენდაციებს, რომელიც შეიძლება სამოქმედო გეგმაში აისახოს. მომდევნო პერიოდში აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას”, – განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ. საბჭოს შემადგენლობაში შედიან საბავშვო ბაღების გაერთიანებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.