საქართველოს პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში თემაზე: „როგორ უზრუნველყოფთ დემოკრატიას, როცა სამყარო გამოცდას გვიწყობს რისკებზე, მედეგობასა და ერთგულებაზე”.
მთავრობის მეთაურმა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა.
როგორც პრემიერმინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, დემოკრატია საქართველოში მდგრადია, რადგან ქვეყანა იმ ღირებულებების ერთგულია, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიას, – თავისუფლება, თანასწორობა და კანონის უზენაესობა. ირაკლი ღარიბაშვილმა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალისხმევა სრულად ემთხვევა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს და განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია ამ მხრივ, მოითხოვს ევროკავშირის შესაბამის რეაგირებას.