დავით მაღრაძე: როდესაც უსაფრთხოების გარანტიები არ გვაქვს, სანქციებზე სრულად მიერთებით ეკონომიკურად საკუთარ თავსაც ვუწესებთ შეზღუდვებს

საქართველოს, რომელსაც არც ნატოს ქოლგა იფარავს და ჯერ არც ევროკავშირის წევრია, არავის აქვს მორალური უფლება – აიძულოს ან წამოაყვედროს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს სრულფასოვნად შეუერთდეს. ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებივით დაცული და უზრუნველყოფილი არ ვართ, – აცხადებს პოეტი, დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში.

მისი თქმით, როდესაც უსაფრთხოების გარანტიები არ გვაქვს, სანქციებზე სრულად მიერთებით ეკონომიკურად საკუთარ თავსაც ვუწესებთ შეზღუდვებს.

„რაც შეეხება რუსეთის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, თუ ამაში პროვოკაციაა¬ ჩადებული და განზრახული აქვთ საქართველო დასავლეთს დააშორონ, აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობაში ბზარი გაჩნდეს, მაშინ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთება ალოგიკური მგონია. ადეკვატური იქნებოდა მათი კიდევ უფრო გააქტიურება, თუ ეს რუსული პროვოკაციაა, მან საქართველოსა და დასავლეთს მეტი დაახლოებისკენ უნდა უბიძგოს, რათა მათი ჩანაფიქრი ჩაიშალოს. აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მტკიცე უნდა გახდეს, ევროპასთან კი ჩვენი დაახლოება მეტად დაჩქარდეს და, საყვედურების ნაცვლად, კანდიდატის სტატუსიც უნდა მოგვცენ და ნატოს ქოლგის ქვეშ მოგვაქციონ. ეს იქნება ადეკვატური პასუხი. ამის შემდეგ შეიძლება, დასავლეთმა საქართველოსგან სანქციების თვალსაზრისით სრული მხარდაჭერა მოითხოვოს. ამის საპირწონედ ჩვენი დაცულობის ხარისხიც სრულფასოვანი უნდა იყოს. როდესაც უსაფრთხოების გარანტიები არა გვაქვს, სანქციებზე სრულად მიერთებით ეკონომიკურად საკუთარ თავსაც ვუწესებთ შეზღუდვებს და მეორე – საქართველო არ არის ისეთი დაცული, როგორიც საფრანგეთი, გერმანია და ნატოს წევრი სხვა ქვეყნები არიან. ბოლოს და ბოლოს, საზღვარი გვაქვს რუსეთთან, ჩვენი ქვეყნის 20% ოკუპირებულია და დედაქალაქიდან 40 კილომეტრში რუსული სამხედრო ბაზაა. ამ რეალობაში კი საქართველოს, რომელსაც არც ნატოს ქოლგა იფარავს და ჯერ არც ევროკავშირის წევრია, არავის აქვს მორალური უფლება, აიძულოს ან წამოაყვედროს, რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს სრულფასოვნად შეუერთდეს. ჩვენ ევროკავშირის წევრი ქვეყნებივით დაცული და უზრუნველყოფილი არ ვართ“, – აცხადებს დავით მაღრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები