BILD: გერმანია ბელარუსის საზღვართან 5 000 ჯარისკაცის განთავსებას გეგმავს
გერმანია NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების ფარგლებში, ლიეტუვაში, ბელარუსის საზღვართან, დაახლოებით 5 000 სამხედრო მოსამსახურის მუდმივ განთავსებას გეგმავს. ინფორმაციას გერმანული გამოცემა BILD-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, საუბარია ბუნდესვერის 45-ე სატანკო ბრიგადაზე, რომელიც ეტაპობრივად განლაგდება და სრულ საბრძოლო მზადყოფნას 2027 წლისთვის მიაღწევს.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ეს იქნება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანიის შეიარაღებული ძალების პირველი მუდმივი განთავსება უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე.
გერმანიისა და NATO-ს წარმომადგენლების განცხადებით, გადაწყვეტილების მიზანია ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრების უსაფრთხოების გაძლიერება და რეგიონში შეკავების შესაძლებლობების გაზრდა.
ლიეტუვა NATO-ს წევრია და ბელარუსთან, ასევე რუსეთის კალინინგრადის ოლქთან ესაზღვრება.