პრემიერი ალაჰ შუქურ ფაშაზადეს იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო

საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარის, ალაჰ შუქურ ფაშაზადეს 65 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა ამიერკავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის საქართველოში ვიზიტის გამო და ალაჰ შუქურ ფაშაზადეს საიუბილეო თარიღი მიულოცა.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს იმყოფებით საქართველოში და აქ აღნიშნავთ 65 წლის იუბილეს. დარწმუნებული ვარ, ამით თქვენ გამოხატავთ განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ. 30წელიწადზე მეტია თქვენ ბრძანდებით ამიერკავკასიის მუსლიმანთა საბჭოს თავმჯდომარე – მუსლიმანთა შეიხი და მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალა არ დაგიშურებიათ ორ მოძმე ერს შორის, ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის კეთილგანწყობის შენარჩუნებისათვის, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრული და მჭიდრო ურთიერთობის განვითარებისთვის. ჩვენ ყოველთვის ვგრძნობთ და დიდად ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას საქართველოს მიმართ,“_ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საპატიო სტუმარს სიტყვით მიმართა საქართველოს პატრიარქმა. მან იმედი გამოთქვა, რომ ამიერკავკასიის მუსლიმთა სულიერი ლიდერის საქართველოში ვიზიტი ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცებას.
თავის მხრივ, ფაშაზადემ მადლობა გადაუხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსა და პრემიერ–მინისტრს თბილი, მეგობრული დახვედრისთვის და ხაზი გაუსვა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული კეთილმეზობლური და პარტნიორული ურთიერთობების მნიშვნელობას. მისივე განმარტებით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე კავკასიის სულიერი ლიდერი და მისი მეგობარია, რომლის რჩევებსაც მუდამ ითვალისწინებს.
ღონისძიება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სახელით გაიმართა და მას მთავრობის კაბინეტის წევრები, საზოგადოების წარმომადგენლები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები