სურსათის ეროვნული სააგენტო კაზრეთის მოსახლეობას ურჩევს სასმელი წყალი არ გამოიყენონ

სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს კაზრეთის მოსახლეობას, სასმელი წყალი არ გამოიყენონ, – ამის შესახებ „კვირას“ სურსათის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთში სასმელი წყლის 4 სინჯი აიღეს.

“ლაბორატორიული კვლევის შედეგებით დადგინდა, რომ სასმელი წყლის 2 სინჯში პესტიციდების საერთო შემცველობა აღემატება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №58 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტის“ მოთხოვნებს, კერძოდ: 1. დაბა კაზრეთის N157 კორპუსის ბინა N3-ში აღებულ სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,14 მგ/ლ; 2. დაბა კაზრეთის I მიკრორაიონის N97/3 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სასმელ წყალში პესტიციდების საერთო შემცველობამ, ნაცვლად 0,05 მგ/ლ-სა, შეადგინა 0,3 მგ/ლ. ამდენად, წყალი ამგვარი ქიმიური შემადგენლობით არ არის უვნებელი და წარმოადგენს პოტენციურ საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. სურსათის ეროვნული სააგენტო ურჩევს დაბა კაზრეთის N157 კორპუსსა და I მიკრორაიონის N97/3 კორპუსში მცხოვრებ მოსახლეობას, არ გამოიყენოს წყალი სასმელად და სურსათის მოსამზადებლად წყლის მიმწოდებელი ორგანიზაციის მიერ შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე”, – აცხადებენ სააგენტოში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები