არჩილ ხაბაძე: აჭარის მთავრობის წევრების დათხოვნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას

აჭარის მთავრობის წევრების დათხოვნის საკითხი დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის განაცხადებაშია ნათქვამი.
ხაბაძის მტკიცებით, აჭარის მთავრობა კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას ახორციელებს, მათ შორის საკადრო პოლიტიკას განსაზღვრავს.
“აჭარის მთავრობა ახორციელებს კონსტიტუციით მინიჭებულ უფლებამოსილებას, მათ შორის განსაზღვრავს საკადრო პოლიტიკას. რეგიონის მზარდი ბიუჯეტის და ძირითადი პროგრამების მაღალი ხარისხით შესრულების ფონზე აჭარის მთავრობის თითოეული წევრის მიერ გაწეული სამუშაო ყველა კრიტერიუმით ჯეროვნად ფასდება. ამრიგად, დღის წესრიგში არ დგას მთავრობის წევრების დათხოვნის საკითხი. თუმცა, კვირის დასაწყისში განხორციელებული და დაგეგმილი ცალკეული ცვლილებები ემსახურება სხვადასხვა სფეროში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას და მუშაობის ეფექტიანობის გაზრდას. ვინაიდან რეგიონი დგას ახალი გამოწვევების წინაშე და მთავრობა გადადის მუშაობის ახალ ტემპზე. აჭარის მთავრობა, არის რა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების, სწრაფი რეფორმებისა და შედეგზე ორიენტირებული მმართველი კოალიციის განუყოფელი ნაწილი, პოლიტიკურად პასუხისმგებელია კოალიციის და მისი ლიდერის წინაშე; მოქმედებს ქვეყნის და აჭარის მკვიდრთა ინტერესების გათვალისწინებით. შესაბამისად, მიუღებელია და, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაში უხეშ ჩარევად შეიძლება ჩაითვალოს, ცალკეული დეპუტატების მიერ პირადი გადმოსახედიდან საუბარი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებიც საჭიროებს ღრმა ანალიზს. აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციით დაცულია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და აჭარის მთავრობა მადლობას უხდის ყველა მოქალაქეს, მათ შორის პოლიტიკურ ინდივიდებს თავიანთი მოსაზრებების დაფიქსირებისთვის”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები