რუსეთის საგარეო უწყებამ რუსებისთვის საქართველოში მოგზაურობისგან თავის შეკავების რეკომენდაცია გააუქმა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში გამგზავრებისგან თავის შეკავებასთან დაკაშირებული რეკომენდაცია გააუქმა.

ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.

როგორც ზახაროვამ აღნიშნა, საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით კომენტარი რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ უახლოეს მომავალში გაკეთდება.

„გარდა ამისა, გაუქმებულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 21 ივნისის რეკომენდაცია რუსეთის მოქალაქეებისადმი, რომ თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან. ამავდროულად, ამ ქვეყანაში ვიზიტისას უსაფრთხოების ასპექტები უნდა იყოს გათვალისწინებული”,- ნათქვამია სამინისტროს კომენტარში.

ზახაროვა აღნიშნავს, რომ „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ფრენების აღდგენისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლე მოგზაურობისთვის უვიზო რეჟიმის შემოღების შესახებ, ემთხვევა ჩვენს პრინციპულ მიდგომას, რომ თანმიმდევრულად გავამარტივოთ კომუნიკაცია და კონტაქტები რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არარსებობს“, – აღნიშნა მან.

რუსეთის პრეზიდენტმა განკარგულებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი უქმდება, ასევე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა აღდგება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები