“არარეგისტირებული მწარმოებლები ხშირად კუსტარულად, არაჰიგიენურ პირობებში გაურკევეველი წარმოშობის პროდუქტს აწარმოებენ” – „ქართული რძის ნიშნის ფედერაციის“ აღმასრულებელი დირექტორი

აგრარულ ბაზრებზე ნედლი რძის პროდუქტებს ძალიან დაბალი პროცენტული წილი აქვთ, შეიძლება, 10 %-იც არ იყოს, 90 % არაეტიკეტირებული პროდუქტია. არ ვიცით, უეტიკეტო ყველი მართლა ნედლი რძისგანაა დამზადებული თუ არა, – ამის შესახებ „ქართული რძის ნიშნის ფედერაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მაკა ჩიხაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჩიხაშვილმა რძისა და ყველის ბაზარზე არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, არარეგისტირებული მწარმოებლები ხშირად კუსტარულად, არაჰიგიენურ პირობებში გაურკვეველი წარმოშობის პროდუქტს აწარმოებენ, ძირითადად, პროდუქტი რძის ფხვნილისგან, ანუ აღდგენილი რძისა და ირანული რძე-პასტისგან მზადდება.

ჩიხაშვილის განმარტებით, აღდგენილი რძე, ე.წ. ფხვნილი მცენარეული ცხიმებითაა გაჯერებული, ეს ცხიმები კი ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზეგავლენას ახდენს.

“მინდა, რძის სექტორში არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრო, კერძოდ, არარეგისტრირებული საწარმოების მონიტორინგისა და ეტიკეტირების საკითხებზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. მინდა, აღვნიშნო, რომ “ქართული რძის ნიშნის ფედერაცია” 30- ზე მეტ საწარმოს აერთიანებს. ეს საწარმოები ნედლ რძეს აწარმოებენ, პროდუქცია ადგილზე მოწმდება, ფერმერებისგან რძეს შეისყიდიან და ყველა წესის დაცვით გადაამუშავებენ. ჩვენი მეწარმეები პროდუქციას სურსათის უვნებლობისა და ჰიგიენის წესების დაცვით ამუშავებენ. იხდიან სახელმწიფო გადასახადებს, კომუნალურ გადასახადებს იმ ტარიფით, რა ტარიფითაც იურიდიულ პირს ეკუთვნის, ასევე, იხდიან ხელფასებს. ეს ყველაფერი არარეგისტრირებული საწარმოების შემთხვევაში არ ხდება. ნედლ რძეზე დამზადებული პროდუქტის თვითღირებულება უფრო მაღალია. შესაბამისად, ის არსებულ ბაზარზე არარეგისტრირებული მწარმოებლების მიერ დამზადებულ პროდუქტს კონკურენციას ვერ უწევს, რადგან მათი თვითღირებულება ნაკლებია. ისინი არიან ფიზიკური პირები, არ იხდიან სახელმწიფო გადასახადებს, კუსტარულად, არაჰიგიენურ პირობებში გაურკვეველი წარმოშობის პროდუქტს აწარმოებენ. ხშირად პროდუქტი მზადდება რძის ფხვნილისგან, ანუ აღდგენილი რძისა და ირანული რძე-პასტისგან, რომელიც ბაზარზე მრავლად არის. სამწუხაროა, რომ არაჯანსაღი კონკურენცია მიდის. ამიტომ, ჩვენ “სურსათის ეროვნულ სააგენტოს” თხოვნით მივმართეთ, რომ არარეგისტრირებული საწარმოების აღმოჩენა და მონიტორინგი მოხდეს. ისინი სრული სიმკაცრით უნდა დაჯარიმდნენ. ეს პროდუქტი, ძირითადად აგრარულ ბაზრებში, სწრაფი კვების ობიექტებში, სახაჭაპურეებში, რესტორნებში, ყოველგვარი საბუთის და ეტიკეტის გარეშე იყიდება, დახლებამდე პირდაპირ საბარგულიდან მიდის. ამით ზიანდება სახელმწიფო, რადგან ისინი გადასახადებს არ იხდიან ისე, როგორც რეგისტრირებული მეწარმეები, რომლებიც ჯანსაღ პროდუქტს აწარმოებენ, ასევე ზარალდება მომხმარებელი, მისი ჯანმრთელობა ხშირ შემთხვევაში საფრთხის ქვეშ დგება. აღდგენილი რძე, ე.წ. ფხვნილი მცენარეული ცხიმებითაა გაჯერებული. ეს ცხიმები ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზეგავლენას ახდენს, შეიძლება, ორგანიზმში დროთა განმავლობაში დარჩეს და შემდეგ სიმსივნე გამოიწვიოს.

აგრარულ ბაზრებში ეტიკეტირებული ყველი, ფაქტობრივად, არ არსებობს, ბაზრებში შეუფუთავი, გაურკვეველი წარმომავლობის პროდუქტი შედის. თხოვნით მივმართავ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე, სურსათის ეროვნულ სააგენტოს: აუცილებლად გაკონტროლდეს აგრარული ბაზრები, მიმდებარე ტერიტორიები, რეგისტრირებულ მეწარმეებს საშუალება მიეცეთ, რომ თავიანთი ეტიკეტირებული პროდუქცია ბაზარზე შეიტანონ. მნიშვნელოვანია, მომხმარებელმა იცოდეს, რა პროდუქტს მიირთმევს, ეტიკეტს აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.

აგრარულ ბაზრებზე ნედლი რძის პროდუქტებს ძალიან დაბალი პროცენტული წილი აქვთ, შეიძლება, 10 %-იც არ იყოს, 90 % არაეტიკეტირებული პროდუქტია. უეტიკეტო ყველი არ ვიცით, მართლა ნედლი რძისგანაა დამზადებული თუ არა. გემოვნური თვისებებით ძალიან ჰგავს ერთმანეთს. მცენარეული ცხიმების აღმოჩენა ლაბორატორიული კვლევის შედეგით ხდება”, – განაცხადა ჩიხაშვილმა.

მისივე თქმით, მომხმარებლებმა პროდუქტის შეძენისას ეტიკეტი უნდა მოითხოვონ.

“პროდუქტი ფრთხილად უნდა შევარჩიოთ. უნდა მოვითხოვოთ ეტიკეტი, სადაც დატანილი უნდა იყოს მწარმოებლის სახელი და გვარი, საწარმოს დასახელება, პროდუქტის შემცველობა, აღდგენილი რძისგანაა ის წარმოებული თუ ნედლისგან. აღდგენილ რძეში რძის ფხვნილი და რძე-პასტა იგულისხმება. ახლა ზაფხულია და კიდევ ერთი საფრთხეა – ყველი არ არის მოთავსებული მაცივრებში. ტრანსპორტირების შემთხვევებშიც, საბარგულიდან გადატანილი ყველი უკვე საფრთხის შემცველია. ტემპერატურული რეჟიმი დაცული უნდა იყოს. ქართული რძის ნიშნით დამზადებული ყველი ყველანაირად უსაფრთხო და მისაღებია. ყურადღება ეტიკეტს და ქართული რძის ნიშანს მიაქციეთ”, – განაცხადა ჩიხაშვილმა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები