ირაკლი ბერაია ბერლინში გერმანელ კოლეგას შეხვდა

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე – ირაკლი ბერაია და კომიტეტის წევრები – ხატია წილოსანი და ალექსანდრე ელისაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, მარი აგნეს შტრაკ-ციმერმანს შეხვდნენ.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა რეგიონული უსაფრთხოების გარემო, ომი უკრაინაში და მისი გავლენა საქართველოზე, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოების შესაბამის კომიტეტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების საჭიროება.

„გერმანია ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა, რომელთანაც თანამშრომლობა განსაკუთრებული დატვირთვის მატარებელია. მის მხარდაჭერას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. ორ ქვეყანას შორის არსებობს მჭიდრო ორმხრივი თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში. გერმანია აქტიურად არის ჩართული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციაში. პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერი არის ფედერაციული რესპუბლიკის წარმომადგენელი და გერმანია ასევე ხელმძღვანელობს პაკეტის სამი ინიციატივის იმპლემენტაციის პროცესს. ქართველ კანონმდებლებთან ერთად, ჩემს გერმანელ კოლეგას ვესაუბრე რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის ამ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება და გაძლიერება, დეოკუპაციის მიზნით რუსეთზე ზეწოლის გაზრდა და საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია”, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

პარლამენტის წევრებმა ბუნდესტაგის კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს. ირაკლი ბერაიამ გერმანელი კოლეგა თბილისში მოიწვია. შეხვედრას გერმანიაში საქართველოს თავდაცვის ატაშე, ბრიგადის გენერალი – შავლეგო ტაბატაძე და საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი, თამარ კაკულია ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები